კომპანია Huawei Technologies Corporation-ი გეგმავს მის ერთ-ერთ ამერიკულ განყოფილებაში Futurewei Technologies თანამშრომელთა რაოდენობა შეამციროს.
საუბარია კვლევისა და განვითარების განყოფილებაზე, იუწყება The Wall Street Journal.
გაზეთის ცნობით, ამ გზით კომპანია ცდილობს თავი დააღწიოს პრობლემებს, რომელიც ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის შეზღუდვის შედეგად გაუჩნდა. გაზეთის წყაროების ცნობით, საუბარია ასობით თანამშრომელზე, რომელთა ნაწილი ჩინეთში დაბრუნებას და კორპორაციის ადგილობრივ განყოფილებებში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის ტექსასის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის განყოფილებებში 850-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თავად Huawei Technologies აღნიშნულზე კომენტარისგან თავს იკავებს.
როგორც ცნობილია მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი სავაჭრო კომპანიების შავ სიაში შეიყვანა, შედეგად კი, ამერიკულ კომპანიებს მასთან თანამშრომლობისთვის ლიცენზია სჭირდებათ.
ივნისში Huawei Technologies-მა აშშ-ის ქმედებების შედეგად მიყენებული ზარალი მომდევნო ორი წლის შემოსავლებში 30 მილიარდი დოლარით შეაფასა.