კომუნიკაციების კომისიამ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

კომისიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ (ბენჩმარკინგისა და ბიზნეს მოდელირების) მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით განხორციელდება: 800/900/1800/2100/2600 მჰც დიაპაზონებში არსებული სიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების შეფასება და მოცემული დიაპაზონების შედარებითი ღირებულებების განსაზღვრა; ლიცენზიების (15 წლითა და ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად) მოდიფიცირებისათვის გადასახდელი საფასურის - 1 მჰც სიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების დაანგარიშება; აუქციონზე გამოსატანი რადიოსიხშირული რესურსის საწყისი საფასურის განსაზღვრა.

ტენდერში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ა.წ 2 სექტემბრის 15:00 საათამდე.