„8  წელიწადში ავტობიზნესის ბრუნვა 14,8%-ით გაიზარდა და 2018 წელს  2.6 მილიარდი ლარი შეადგინა“

2018 წელს ავტობიზნესის ბრუნვამ 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის ივლისში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, 2010-2018 წლების განმავლობაში ავტობიზნესის წლიური ბრუნვა 14,8%-ით გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, წლიური ბრუნვის მიხედვით, ბიზნესის წამყვან ქვესექტორებს სამი მიმართულება წარმოადგენს: ავტომობილების გაყიდვა - 64,7%; ავტონაწილები - 31,9%; ავტოსერვისი - 3,4%.

როგორც Galt & Taggart-ი ვარაუდობს, ოფიციალური ბიზნესსექტორის სტატისტიკის მიერ ავტომობილების სექტორის ბრუნვის სრული სურათი აღწერილი არ არის.

„ავტომობილები საქართველოში ნომერ მეორე საექსპორტო პროდუქციაა. 2018 წლის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტმა ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 12,2% შეადგინა, ხოლო იმპორტის - 6,6%. რაც შეეხება რეექსპორტს, 2018 წელს მან 408.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 598,2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია“, - ნათქვამია კვლევაში.

Galt & Taggart-ს კვლევა საიმპორტო ბაზრების შესახებაც აქვს ჩატარებული. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2017 წლიდან საგადასახადო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა, საქართველოში ავტომობილების უმსხვილესი საიმპორტო ბაზარი აშშ-მა ჩაანაცვლა.

„იაპონია ავტომობილების იმპორტის თვალსაზრისით, საქართველოსთვის უდიდეს წყაროს წარმოადგენდა. 2012-2016 წლებში ავტომობილების თითქმის ნახევარი იაპონიიდან იყო იმპორტირებული. იაპონურმა ბაზარმა საქართველოში პოპულარობა 2017 წელს დაკარგა, მას შემდეგ, რაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტთან მიმართებაში გადასახადები გასამმაგდა. ამავდროულად, ჰიბრიდების იმპორტზე დაწესებულმა 60%-ით მცირე გადასახადმა, აშშ-დან ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის ზრდას შეუწყო ხელი“, - ნათქვამია კვლევაში.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოში „ტოიოტას“ მარკის ჰიბრიდის პოპულარობამ მათი ბელგიიდან იმპორტი წაახალისა. ქვეყანაში ევროპის სათაო ოფისი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ „ტოიოტას“ იმ ჰიბრიდების უმეტესობა, რომლებიც ბელგიიდან იყო იმპორტირებული, ახალ, 2017-2018 წლის მოდელებს წარმოადგენდა.

როგორც კვლევაშია განმარტებული, მიუხედავად რეგულაციებისა, 2018 წელს, იაპონიამ საიმპორტო ბაზრებს შორის მესამე პოზიცია დაიკავა, რადგან 49,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა. Galt & Taggart აღნიშნავს, რომ აღნიშნული ავტომობილების უმეტესობა ჰიბრიდი ან ელექტრო იყო (ელექტრომობილების იმპორტზე გადასახადი მოიხსნა).

ამასთან, კვლევის თანახმად, 2018 წელს ავტომობილების უმეტესობის იმპორტი ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული (53,9%).

მარიამ მენაბდიშვილი