ლაგოდეხში, სოფელ კავშირში მცხოვრებ ბურჯანაძეების ოჯახში ბანანის მოსავალს ელიან.
ამ ოჯახის უფროსი და უმცროსი დიასახლისები ერთობლივი ძალებით ზრუნავენ ბაღზე და ამაყობენ, რომ იშვიათი სახეობის მცენარეები აქვთ. გამოგიტყდებით, ამ ბაღის დათვალიერება და საკუთარი ხელით მოწყვეტილი ნაყოფის დაგემოვნება დიდი სიამოვნებაა. მასპინძლობა მაია ბახტურიძემ გაგვიწია.
- ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ მართლა თავს ვიწონებ ჩემი ბაღით - ბანანის ხე მაქვს, კივის, მუშმალის მოსავალსაც ვიღებთ, რახანია... ყვავილები ათასნაირი, ფერად-ფერადი... პალმა უკვე ჩვენი სახლის სახურავს უტოლდება, შარშან მარწყვის ხეც გავახარეთ, მაგრამ ჯერ ჩემი სიმაღლეც არ არის. ნაყოფი არ მიგვიღია და ერთი სული მაქვს, ვნახო, როგორი იქნება. როგორც მეუბნებიან, გემოთი ისეთი ვერ არის, კახელებს რომ მარწყვი აქვთ, მაგრამ საკომპოტედ და სამურაბედ შეუდარებელიაო.
- ბანანის ხე საიდან მოიტანეთ?
- ვერ ვიხსენებთ, ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ჩემი დედამთილის დარგულია. აქაურ სამეზობლოში სხვას არავის აქვს... ერთი ძირი დაურგავს და გაიხარა, რვა ძირი ამოიყარა, რომელსაც შვილებს ვეძახით. ცხრა ძირიდან ნაყოფი ერთმა, ყველაზე დიდმა, მთავარმა ხემ გამოიბა. უკვე 10 წელიწადზე მეტია, ეს ხე ჩვენს ეზოში დგას, მაგრამ ძირითადად, დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა. აქამდე ერთხელ მოისხა ნაყოფი, მაგრამ ისე გვიან, რომ დამწიფება ვერ მოასწრო. ლაგოდეხი კი არის თბილი რეგიონი, მაგრამ ისეთი სითბო მაინც არ არის აქ, ბანანის მოსავალს რომ სჭირდება. თუმცა წლეულს კარგი ამინდები იყო და ადრევე გამოიბა ნაყოფი, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ დამწიფებას მოასწრებს.
ახლა ძირზე წამოსული ნაყოფის ზომა თითქმის 10 სანტიმეტრამდეა, ალბათ, აგვისტომდე კიდევ გაიზრდება და იქნება მწიფობისთვეში დამწიფებაც მოახერხოს. ისე ვუვლით, ვეფერებით და შევციცინებთ, ჩემი და დედამთილის გატაცება შვილიშვილს, პატარა ელიზაბეტსაც გადაედო. გათენდება თუ არა, მახსენებს - ბებო, ბანანი მორწყე? მალე დამწიფდება?... მოკლედ, იმედს არ ვკარგავთ, რომ წლეულს ლაგოდეხში ბურჯანაძეები ბანანის მოსავალს მივიღებთ.
- განსაკუთრებული მოვლა სჭირდება?
- ზამთარში ტემპერატურა რომ იკლებს, გადავჭრით თავს და ცელოფანში შევფუთავთ ხოლმე, მერე გაზაფხულზე ისევ მწვანდება და ვეებერთელა ფოთლებს გამოისხამს. წლის ნაწილს რუსთავში ვატარებთ, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და ჩემს ბაღში ვიტრიალებ. ზამთარში ქოთნის მცენარეებზე გადამაქვს ყურადღება, მერე კვლავ ბაღში გამოვიდარებთ. აჭრელებული მაქვს ეზო სხვადასხვაგვარი მცენარით.
- რას ამბობენ აქაურები, მოვიდა იმერელი პატარძალი და ააყვავა კახური ეზოო?
- დიახ, იმერელი გახლავართ, ბახტურიძის ქალი. მე და ჩემმა მეუღლემ სტუდენტობისას, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანით ერთმანეთი და გავთხოვდი კახეთში. წარმოშობით ჩემი მეუღლის წინაპრებიც იმერლები არიან, ჩემი მამამთილის მამა წამოსულა აქეთ საცხოვრებლად. საერთოდ, სოფელი კავშირი, ძირითადად, იმერეთიდან და რაჭიდან გადმოსახლებული ოჯახებით არის დასახლებული.
იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 15 ივლისის ნომერში