ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო სამსახურმა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყო.
CNN-ის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2000 მიგრანტი, რომლებსაც შტატებში ცხოვრებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია არ აქვთ, სამშობლოში დაბრუნდებიან.
რეიდები, რომლის სამიზნე ძირითადად ქვეყანაში ახლადჩასული არალეგალები არიან, ატლანტაში, ბალტიმორში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, ნიუ-იორკსა და სან ფრანცისკოში მიმდინარეობს. იმ ადგილებს შორის, სადაც სამართალდამცველები არალეგალ მიგრანტებს ეძებენ, ორლეანიც არის, თუმცა აქ რეიდების ჩატარება ერთი კვირით გადაიდო, ამის მიზეზი კი ძლიერი ქარიშხალი გახდა.
ჯერ კიდევ კვირას ბალტიმორში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში არც ერთი არალეგალის დაკავების შესახებ არ ვრცელდებოდა არანაირი ინფორმაცია.
საიმიგრაციო სამსახურს რეიდებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუმცა აღნიშნა, რომ პრიორიტეტი იმ ადამიანების დაჭერა იქნება, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა. კითხვაზე მოხდება თუ არა ბავშვების მშობლებისგან დაშორება, საიმიგრაციო სამსახურში ამაზე არაერთმნიშვნელოვნად უპასუხეს, თუმცა განმარტეს, რომ იმ მილიონ ადამიანს შორის, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დატოვოს, ოჯახებიც არიან.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა