საჩხერეში გაზი გაძვირდა

საჩხერეში, მსხვილ მომხმარებლებს ბუნებრივი აირის საფასური გაუძვირდათ.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს ენერგეტიკის მარგულირებელმა კომისიამ 14 აგვისტოს სხდომაზე, შესაბამისი კომპანიის "საჩხერეგაზის" განცხადების საფუძველზე მიიღო.

როგორც კომპანიის დირექტორი ზაზა ზაბახიძე აცხადებს, ტარიფი მხოლოდ მსხვილი მომხმარებლებისთვის გაიზარდა, რიგითი აბონენტებისთვის კი 1 კუბურ მეტრზე ის უცვლელი – 37,822 თეთრი დარჩა (დღგ-ის ჩათვლით 44 თეთრი). მისივე განმარტებით, ახალი ტარიფი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

"სამომხმარებლო ტარიფი, ანუ ტარიფი მოსახლეობისთვის დარჩა იგივე. რაც შეეხება საშუალო წნევის გატარების ტარიფს, ეს შეეხო მსხვილ მომხმარებლებს, რომლებიც მოსახლეობასთან არავითარ კავშირში არ არიან და ესაა მხოლოდ გატარების ტარიფი, როცა ჩვენი ქსელის მეშვეობით გატარებას ვაწარმოებთ სხვა მსხვილი საშუალო წნევის მომხარებლებისთვის. სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის მოხდა გაძვირება – იყო 3,882 თეთრი დღგ-ის გარეშე და გახდა 7,171 დღგ-ს გარეშე (8,462 დღგ-ის ჩათვლით). ეს არის სავსებით სამართლიანი ტარიფი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ეს ეხება. ეს არის გაზგასამართი სადგურები და ის ობიექტები, რომლებიც ბუნებრივ აირს იღებენ ჩვენი ქსელის მეშვეობით, მათ შორის ასფალტის ქარხანა", - განაცხადა ზაზა ზაბახიძემ.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ტარიფის ცვლილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

"მიზეზები ხანგრძლივი სასაუბრო თემაა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ საჩხერეგაზის საწესდებო კაპიტალი 2006 წლიდან დღემდე გაიზარდა 5-ჯერ. ამას, შესაბამისად, მიება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორი, როგორიცაა ქონების გადასახადი და სხვა საექსპლუატაციო ხარჯები, რამაც გამოიწვია ეს ცვლილება", - აღნიშნა მან.