ქართველი ემიგრანტის ტოსკანური ზეთისხილის ბაღი

"17 წელიწადია იტალიაში ვარ და აქედან 14 წელიწადია, იქ ზეთისხილი მომყავს", - გვეუბნება ნანა ხაჭაპურიძე, ხონელი ქალბატონი, რომელიც "სამზარეულოს ომების" მაყურებელმა თავის ვაჟთან, შოთასთან ერთად გაიცნო.

ქალბატონი ნანა წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და საქმიანობს. საქართველოდან 2004 წელს იტალიაში გაემგზავრა. უცხოეთში ჩასულმა სამართალმცოდნემ და პედაგოგმა ყველაფრის სწავლა თავიდან დაიწყო, რადგან მიხვდა, სხვაგვარად არაფერი გამოუვიდოდა. დღეს აქვს თავისი ფირმა, სახლი ფლორენციაში, მამული ტოსკანაში და ბაღის გაშენების სურვილიც გაუჩნდა.

- იტალიასა და საბერძნეთში ზეთისხილს ოქროს შემცვლელს, "მწვანე ოქროს" უწოდებენ. სანამ ამ მცენარეს ხელს მოჰკიდებ, უნდა იცოდე, სად გააშენო, რა ნიადაგზე, რა ჯიშის და როგორ მოუარო. სპეციალურ ადგილზე გაშენებული და მოყვანილი ძალიან ძვირი ღირს და მისი ერთი ლიტრი ზეთი შეიძლება 20 ევროდაც გაიყიდოს. ფასი ჯიშების მიხედვით ედება.

იტალიაში, ჩემს საბუღალტრო ფირმაში ბევრი ადამიანი გავიცანი - ჩვენი კლიენტები, რომლებსაც ზეთისხილის დიდი ბაღები ჰქონდათ ყიდდნენ კიდეც. ამ საქმემ ძალიან დამაინტერესა. როგორც ქართველი, ყურძნითაც ვიყავი დაინტერესებული, თუმცა ვაზის გაშენება ზეთისხილზე ძვირი აღმოჩნდა.

- დაინტერესების შემდეგ, ალბათ, მისი მოვლა შეისწავლეთ...

- ცხადია. მოვლა ძალიან რთული არ არის, არც პრობლემური, თუმცა ბევრი სამუშაო კია. ნაყოფი წვრილია და მის მოკრეფას დიდი დრო უნდა. სამი რამ არის გასათვალისწინებელი. სანამ ნერგებს შეიძენთ, მიწა უნდა დამუშავდეს, მომზადდეს; არ უყვარს ნესტიან-ჭაობიანი ადგილი, მშრალ ნიადაგში თავს უკეთ გრძნობს. წყალიც უყვარს, მაგრამ ნიადაგი რაც შეიძლება ნაკლებად ნესტიანი უნდა იყოს. ის უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგალითად, კირს. ზეთისხილი უნდა დავრგოთ შემაღლებულ ადგილებზე, გორაკებზე, ოღონდ სწორ ნიადაგზე და ზღვის დონიდან არა უმეტეს 800 მ-ისა. ნერგებიც კარგად უნდა აირჩეს (გააჩნია, ნაყოფს რისთვის ვიყენებთ - კონსერვისთვის, ზეთისთვის თუ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დასამზადებლად).

ზეთისხილი ბევრნაირი არსებობს. მე მაქვს ისეთი, რომლისგან ზეთს ხდიან, ანუ ბერძნული, ძალიან მსხვილი, ასევე საშუალო ზომისაც. ნაყოფს მაშინ ვკრეფთ, როცა მწვანე შეფერილობა აქვს. ბაღი 15 ჰა-ზეა გაშენებული და რამდენიმე ათასი ძირია. მანძილი ორ ხეს შორის 5 მეტრია, რადგან ბუჩქად იზრდება და ერთმანეთს ხელი უნდა არ შეუშალოს.

ნახევარ ფართობზე ახალი ნერგებია ჩაყრილი. სრულიად პატარები შევიძინე და დავრგე, მეორე ნახევარზე უკვე იყო ბაღი გაშენებული და უმეტესად 100-წლიანი ხეები დამხვდა. დავრგე დაახლოებით 1 წლის ნერგები, რომლებმაც ნაყოფი 5 წლის მერე მომცა, მეექვსე წელს კი ნაყოფს სრულად იძლევა.

- ტოსკანის კლიმატი, ალბათ, ზედგამოჭრილია ზეთისხილისთვის.

- ტოსკანა ისეთი ზონაა, როგორიც საქართველოში იმერეთი. იმ დასახლებას ბუტი ჰქვია, სულ მთიან-ბორცვიანი ადგილებია და ზეთისხილი ხარობს. მშრალი, ოდნავ ნესტიანი ჰავაა, როგორც საქართველოს დასავლეთში, მაგრამ რადგან გორაკებზეა, ტერასები გვაქვს გაკეთებული.ნერგს მოსამაგრებლად პირველ ეტაპზე წყალი მეტად სჭირდება. მნიშვნელოვანია მათი გაკრეჭა-ფორმირებაც. ლამაზი ფორმა უნდა მივცეთ, რომ გრძელი და უფორმო არ გაიზარდოს. გამრავლება და დარგვა შემოდგომით ხდება. მიწას მაის-ივნისში ვამზადებთ. მაქვს პატარა სანერგეც, სადაც დავიწყე ისეთი რამ, რაც საქართველოში ვნახე - მიწას პლასტმასის ბოთლებში ჩავყრით, ღეროს ჩავრგავთ და დაფესვიანდება. ეს ჩვეულებრივი ძირია, ნაყოფსაც გვაძლევს. იტალიელები სანახავად რომ მოდიოდნენ, ყველას უკვირდა.

- დაკრეფას დიდი დრო სჭირდება?

- კი, ნაყოფი წვრილია და შრომატევადი საქმეა. მიწაც სუფთა უნდა იყოს, მოზრდილი ბალახი და რამე ასეთი არ უნდა ჭაჭანებდეს მოკრეფისას. სპეციალურ ბადეებს ვფენთ და მასზე ვყრით, რომ მოსავალი სუფთად ავიღოთ. დიდი ყურადღებაა საჭირო, ხეებს დაავადება რომ არ გაუჩნდეს, ძირითადად, სოკო და სხვადასხვა ბაქტერია. არიან ბუზები, რომლებიც ფოთოლზე ჭუპრებს ტოვებენ. ამას ერთი ადამიანი საგანგებოდ ათვალიერებს. როგორც კი ფოთლებზე კვერცხები გაჩნდება, ფოთლები იისფერს ან შავს გადაიკრავს, ანდა ყვითლდება და ვწამლავთ. იყიდება ბუზების დასაჭერი სითხე, რომ ეს მწერი ხეს არ შეესიოს. პატარა ავზია, რომელშიც ბუზები ჩაძვრებიან და დაიხოცებიან. შარშან, მაგალითად, ისეთი დაავადება გაჩნდა, რომ ვერ მიხვდნენ, რა იყო და საუკუნოვანი ხეები მოჭრეს. ასეთ რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება.

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ეს საქმე მომწონს და მიყვარს. მრავალფეროვნებაც მიყვარს, როცა სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობ. მაგალითად, მყავს ორი ძაღლი და მათი საშუალებით ტრიუფელს­­­ ვეძებ. ესეც ძვირად­ ღირებული დელიკატესია (თირკმელა-სო­კო. - ლ.ფ.),­ მაგრამ აქაური იტალიელები, რომლებიც ამ საქმეს მისდევენ, ტერიტორიებზე თავისუფლად არ გვიშვებენ და პრობლემაც ეს არის. გვეწინააღმდეგებიან, რომ ჩვენც მოვიპოვოთ, არადა, ძალიან მომგებიანია - 1000-დან 2500 ევრომდე ღირს. ზომას გააჩნია, თუ დიდს მიაგენი, შესაძლოა, ერთი 50-60 ათას ევროდაც გაყიდო. საქართველოშიც არის ტრიუფელი, მაგრამ ეს ძაღლები ვერ ჩამომყავს. საგანგებო მოვლა უნდათ, თან ტრიუფელის გემოსა და სურნელის ნამცხვრები უნდა აჭამო, სხვანაირად ყნოსვა არ ექნებათ.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 15 ივლისის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად