ოთარ დანელია იაპონური კომპანია "სუმიტო კორპორეიშენის" წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იაპონური კომპანიის "სუმიტო კორპორეიშენის" ცენტრალური ევრაზიის ოფისის (Sumito Corporation (central evrasia) LLC) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია მთელ მსოფლიოში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს. მათი საქმიანობის ძირითად პროფილს ინფრასტრუქტურა, მინერალური და ქიმიური სასუქები, სოფლის მეურნეობა, მეტალის წარმოება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები წარმოადგენს.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და პოტენციალზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ხელისუფლებისთვის რეალურ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის სტიმულირებისთვის და ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით, ეს გააძლიერებს როგორც სოფელს, ისე ქვეყნის ეკონომიკას.

კომპანია "სუმიტო კორპორეიშენის" ცენტრალური ევრაზიის, უკრაინასა და კავკასიის ქვეყნებში რეგიონალური დირექტორის კინო მასაოს განცხადებით კი, კომპანია ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს სწავლობს და საქართველოში ბიზნესპროექტების განხორციელებას გეგმავს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის განხორციელების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს და აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ნამდვილად არსებობს ხელსაყრელი ბიზნესგარემო მნიშვნელოვანი ინვესტიციების განსახორციელებლად.