ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გეოლოგიური დაზვერვის წარმოებისთვის, რომელსაც თურქეთი კვიპროსზე აწარმოებს.
ამის შესახებ სააგენტო DPA იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ანკარას ფინანსურ მხარდაჭერას შეამცირებს და საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც შეაჩერებს. ევროკავშირის ქვეყნები სხვა სახის შემზღუდავი ზომების შემოღებასაც არ გამორიცხავენ, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი განაგრძობს კვიპროსის სუვერენული უფლებების უგულებელყოფას. სანქციები შესაძლოა, ამოქმედდეს ფიზიკური და იურიდიული პირებისადმი, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ბურღვით სამუშაოებში.
როგორც ცნობილია კვიპროსის ეკონომიკური ზონის შელფზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის საბადოები. 2011 წელს ამერიკულმა კომპანიამ Noble Energy-მ აღმოაჩინა საბადო „აფროდიტა“, რომლის მარაგებიც 140 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული.