საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
როგორც უწყებიდან იუწყებიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ - ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა 1500 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 800 ლარი,”-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.