ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს,- ამის შესახებ სს „ნენსკრა ჰიდროდან“ იუწყებიან.
როგორც სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი, თეიმურაზ კოპაძე აცხადებს, ნენსკრას და ნაკრას ხეობები ამჟამად ტურისტებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითრებასთან ერთად სიტუაცია შეიცვლება.
„ნენსკრასა და ნაკრას ხეობები, სადაც ნენსკრა ჰესის პროექტი ხორციელდება, ამჟამად თითქმის უცნობია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტისთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩვენი პროექტის მეშვეობით შიდა ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და შეიქმნება სხვადასხვა მიმზიდველი ტურისტული ატრაქცია, სიტუაცია შეიცვლება. ამჟამად ორივე ხეობაში საოჯახო ტიპის 20-მდე სასტუმრო მუშაობს, სადაც ძირითადად ჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია ამ ზაფხულს აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ, მასში ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ვინაიდან ჩვენი პროექტი სვანეთში ხორციელდება, სწორედ ამ ულამაზესი კუთხისადმი მიგვეძღვნა საინფორმაციო კამპანია“, - განაცხადა თეიმურაზ კოპაძემ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ოპერირებს, სადაც არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, მათ შორის - ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად (ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები, საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსები, მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესება). 2017 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 400 000 აშშ დოლარამდე დახარჯა.
ცნობისთვის, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.