საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მეტროსა და ავტობუსის გარდა, სამარშრუტო ტაქსითაც იქნება შესაძლებელი. როგორ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას.
"ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას. ეს არის დაახლოებით, ორწლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს მუშაობას. დეტალური გაანგარიშება ჯერ არ არის გაკეთებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთადერთი რამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც, არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებიდან, ვიდრე ეს ხდება დღეს. მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა, რომელზეც ჯერ არავინ არ ვართ მზად რომ ვთქვას, რა მოუვა ამ ციფრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს სწორება იმაზე, რომ რა თანხის მოკრებაც ხდება დღეს მგზავრებიდან მიკროავტობუსების, ავტობუსების და მეტროს საშუალებით, ეს ზღვარი იქნება დაცული",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.