გურიაში ბზის ნარგავებზე ახალი მავნებლის გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა

ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის (OECI/CENN) ინფორმაციით, გურიის რეგიონში ბზის ნარგავებზე ახალი მავნებლის – ბზის ალურას გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც Crambidae-ის ოჯახიდან პეპლების რაზმს მიეკუთვნება.

მათივე განმარტებით, ბზის ალურას (Cedalima perspectalis) სამშობლოა აღმოსავლეთ აზია. 2007 წლიდან ის შემოიჭრა ევროპაში და დღესდღეობით გავრცელებულია გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთში, შვეიცარიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე, თურქეთში.

"2012 წელს მავნებელი ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად იტალიიდან შემოტანილ მარადმწვანე ბზის (Buxus sempervirens) სარგავ მასალასთან ერთად შეიჭრა სოჭის ტერიტორიაზე, საიდანაც 2013 წლიდან დაიწყო მავნებლის მასობრივი გავრცელება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე, ნაციონალური პარკის ტყის ნარგაობებზე და გამოიწვია ბზის თითქმის 100%-ით დეფოლაცია და შემდგომ ხმობა.

ექსპერტების განცხადებით, მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები: ბზის გასხვლა, აგრეთვე კვერცხების და მატლების შეგროვება – შემდგომი დაწვით. ასევე, წვავენ ძლიერ დაზიანებულ, გამხმარ მცენარეებსაც", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა რეგიონული სატყეო სამსახურებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის გადაწყვეტილებით, ინფორმაცია ბზის მავნებელის შესახებ ტყის მცველებსა და სატყეო უბნის უფროსებს მიეწოდათ, რომლებიც მავნებლის გავრცელებას ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკვირდებიან. მათი ინფორმაციით, დღემდე სატყეო ფონდის ტერიტორიაზე ბზის ალურის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.