მუცო შესაძლოა, ევროპის „საზოგადოების რჩეული“ და გრან-პრის მფლობელი გახდეს.
ძეგლი ევროპის 16 საუკეთესო სარეაბილიტაციო პროექტებს შორის მოხვდა, გამარჯვებისთვის კი მხოლოდ ხმების საკმარისი რაოდენობაა სჭირო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვლინდება, მანამდე კი ხმის მიცემის პროცესში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
რაც შეეხება ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ციხე-ქალაქის აღდგენითი სამუშაოები წელს დასრულდება, ხოლო ინფრასტრუქტურული ნაწილი - 2020 წელს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ დაანონსებულია მუცოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ხელშეწყობაც. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, მართალია ამ დრომდე პროექტის განაცხადი უწყებაში არ შესულა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღდენითი სამუშაოები დაიწყო, მუცოში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა გაიზარდა.
„საოჯახო ტიპის სასტუმროებზე განაცხადები არ შემოსულა, თუმცა როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ მუცოში მხოლოდ 1 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი უკვე 3 ოჯახია. მათ თავისი ინიციატით შეაკეთეს სახლები და ერთ-ერთმა კაფეც კი გახსნა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ამ პროექტმა რეგიონის გამოცოცხლება დაიწყო“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
აღსანიშნავია, რომ წელს მუცო ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი გახდა. კერძოდ, 2019 წლის 16 გამარჯვებულს შორის მოხვდა. ამჟამად კი საზოგადოების რჩეულისა და გრან-პრის მფლობელის გამოვლენა მიმდინარეობს, სადაც საზოგადოების სრული ჩართულობაა საჭირო.
„როგორც იცით, წელს მუცომ ევროპა ნოსტა მიიღო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სარესტავრაციო პროექტებს შორის დასახელდა (149 პროექტიდან 16-ში მოხვდა). ჩათვალეთ, ეს იგივეა, რაც ოსკარის მიცემა, ოღონდ ძეგლთადაცვის სფეროში. ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის მიცემა, რათა ევროპის „საზოგადოების რჩეული“ გამოვლინდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ იაქტიურონ. შემოდგომაზე იქნება გრან-პრის დაჯილდოვება და იმედი მაქვს, რომ ამ 16 პროეტიდან მუცო გამარჯვებული გახდება. ამისთვის საჭიროა, რომ ადამინები შევიდნენ შემდეგ მისამართზე: vote.europanostra.org-ზე და პირველი ხმა აუცილებლად მუცოს მისცენ, შემდეგი ორი ხმა კი (სულ 3 ხმის მიცემის უფლება აქვთ) მათთვის მოსაწონ პროექტს. მთლიანი პროცედურა სულ 3 წუთს მოითხოვს, სამაგიეროდ, ძალიან დიდი შანსი აქვს მუცოს, რომ გახდეს როგორც ევროპის საზოგადოების რჩეული, ასევე გრან-პრის მფლობელიც“,-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
ცნობისთვის, მუცოს აღდგენის პროექტს 2014 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით ახორციელებს.
2018 წელს დასრულდა რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები.
სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.
მუცოს სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წლებში 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.