Volkswagen-ი თურქეთში ქარხანას გახსნის

Volkswagen Group-ი თურქეთის რესპუბლიკაში მულტიბრენდული ქარხნის მშენებლობას აპირებს, რაც ერთ ქარხანაში სხვადასხვა ბრენდის ავტომობილების წარმოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Automobilwoche იუწყება.

კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ქარხნის მშენებლობაზე ქალაქ იზმირის მახლობლად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა ყატარის სახელმწიფო ფონდი, რომელიც გერმანულ კონცერნში 17%-იან წილს ფლობს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით კი, გეგმა საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, თუმცა კომპანიაში ამის მზაობა არსებობს.

წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში VW, Skoda და Seat ბრენდების ქვეშ ავტომობილების წარმოება მოხდება. ის 2022-2023 წლისთვის უნდა გაიხსნას და წლიურად 350,000 ავტომობილის გამოშვება უნდა შეძლოს. ქარხანამ უნდა განტვირთოს და უნდა დაეხმაროს ჩეხურ ბრენდს, რომელსაც სწორედ წარმოების პრობლემა შეექმნა გასულ წელს, თორემ სულ ცოტა 100,000 ავტომობილით მეტის გაყიდვა შეეძლო. სწორედ ჩეხურ ბრენდზე იყო საბოლოო სიტყვა, სად გახსნიდა კომპანია ახალ ქარხანას - თურქეთში თუ ბულგარეთში.

წყარო: autobild.ge