უბნები თბილისში, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს - დედაქალაქში ქვათაცვენის უბნების კვლევა ჩატარდება

თბილისში ქვათაცვენის უბნების კვლევა ჩატარდება. კერძოდ, თამარაშვილის ქუჩაზე („ვისოლი“-ს ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ) და რუსთავის გზატკეცილიდან ზემო ფონიჭალისაკენ მიმავალი საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ ქვათაცვენის უბნების დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის და პროექტირების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 60 000 ლარია.

„თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (თამარაშვილის ქუჩა, კომპანია „ვისოლი“-ს ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ). უბანი გეოლოგიურად აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვების მარკირებული დასტებით, რომლებიც ზედაპირთან ახლოს ძლიერ დისლოცირებული და დანაპრალიანებულია. რის გამოც იგი წარმოადგენს ქვათაცვენის უბანს. აღნიშნული ქანები ხასიათდება ვერტიკალური და ზოგ ნაწილში უარყოფითი დახრილობით. ძირითადად გრავიტაციული პროცესები (ქვათაცვენები) ფიქსირდება ფერდოს უკიდურეს ზედა გადმოკიდებულ ნაწილში.

რუსთავის გზატკეცილიდან ზემო ფონიჭალისაკენ მიმავალი საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ ტერიტორია გეოლოგიურად აგებულია პალეოგენური ასაკის სქელშრეებრივი ქვიშაქვებით, თხელშრეებრივი თიხაფიქლების შუაშრეებით, რომლებიც ზედაპირულ ზონაში ძლიერ გამოფიტული და დანაპრალიანებულია. შლეიფის ძირის გასწვრივ სამ რიგად გაშენებულია წიწვოვანი ხეები. აღნიშნული უბნები გრავიტაციულად გააქტიურებულია, რომელიც საშიშროებას უქმნის საავტომობილო გზაზე მოძრავ ტრანსპორტს და რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, დავალების მიზანია - დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევის საფუძველზე გაიცეს საინჟინრო-გეოლოგიური ანგარიში, სადაც მოცემული იქნება ქვათაცვენის მოქმედების თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი მისი შემდგომი დინამიკის პროგნოზირებით. გარდა ამისა, გაიცემა დასკვნები და რეკომენდაციები, რაც საფუძვლად დაედება სათანადო ქვათაცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას.

თაია არდოტელი
როგორი იქნება 11.9 მლნ ლარიანი მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, რომელიც ვარკეთილში აშენდება (+ფოტო)
რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროებზე - გამარჯვებული პროექტი გამოვლენილია  (+ფოტო)
მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს