ბოლო მონაცემებით, მაღალმთიანის სტატუსი საქართველოს 1 731 დასახლებას აქვს მინიჭებული

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 1 731 დასახლებას აქვს მინიჭებული მაღალმთიანის სტატუსი. ეს საქართველოს ყველა დასახლების თითქმის ნახევარია, თუმცა აქ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. ამ ეტაპზე, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 245 287 პირი სარგებლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ თუ, რა გაკეთდა დღემდე და რა იგეგმება მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის.

„4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ადგილზე დამაგრებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა იყო.

კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები.

დღემდე, სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფარგლებში, გამოიყო დაახლოებით 183 მლნ ლარი, კერძოდ: პირველი, მეორე, მესამე და ყოველი მომდევნო შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მლნ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატის სახით 81 ათას ბენეფიციარზე გაიცა 82.5 მლნ ლარი, სოციალური პაკეტზე დანამატის სახით 17 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 10 მლნ ლარზე მეტი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით 1,700-ზე მეტ ბენეფიციარზე გაიცა 12.3 მლნ ლარი, ელექტრო ენერგია დაახლოებით 20 მლნ ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მლნ ლარზე მეტი,”-აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ამას გარდა, გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად. ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, ე.წ. „მთის კანონით“ გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკვე ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა პირმა.

სამინისტროს განცხადებით, წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი შეადგენს 20 მლნ ლარს, კანონის ამოქმედებიდან დღემდე კი ფონდისთვის 86 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის და სოციალურ პროექტებზე დაიხარჯა.

ყოველწლიურად მთიან დასახლებებში რეაბილიტაცია უტარდება ათობით კილომეტრ გზას. მთის მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებისა და ეკონომიკურ აქტივობის ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობები. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზის მშენებლობა; ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი 51.8 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა; სნო - ჯუთა - როშკა - შატილი და კიდევ რამდენიმე ხეობის და ასევე, ბაღდათი- აბასთუმნისა და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდადნ დაფინანსდა 2 ათას პროექტზე მეტი. საძოვრების გამოყენების პროგრამით 29 ბენეფიციარზე 2017 წლიდან გაიცა 17 მლნ ლარზე მეტი; „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 1 მლნ ლარი, ხოლო წელს - ნახევარი მლნ ლარი; „მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გასულ წელს გამოიყო 23 000 ლარი.

2 მლნ ლარით ფინანსდება წელს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, 1 მლნ ლარით კი - ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში წელს გამოყოფილია 1 220 000 ლარი.

მთიანი რეგიონებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით “მთის კანონის” ამოქმედებამდეც მიმდინარეობდა მუშაობა. სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2014 წლის მაისიდან 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი. ამ დროისთვის, სხვადასხვა რეგიონში, მოსახლეობას 1297 სოფლის ექიმი და 1557 სოფლის ექთანი ემსახურება.

ამასთან, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023 წლების“ პროექტი, რომლის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

სტრატეგიით დაგეგმილია საშუალო, მცირე, მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა და მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება, ფერმერული მეურნების და კოოპერატივების, ასევე - ბაზარზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მხარდაჭერა, აგროდაზღვევის სისტემის განვითარება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება, სამეწარმეო უნარების ასამაღლებლად შესაძლებლობების შექმნა და განვითარების სპეციალური პროგრამების შემუშავება.

სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი იყო 2013 წელს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაარსება, რომლის ფუნქციად განისაზღვრა საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტის (გუდაური, ბაკურიანი, (დიდველი, კოხტა-მიტარბი) გოდერძი, მესტია (თეთნულდი და ჰაწვალი) მართვა, მათი განვითარების მიზნით.

ბოლო წლებში საქართველოს მთის კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 578%-ით არის გაზრდილი 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.