"2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს"

2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს 2013-19 წლებში მარკეტინგული კამპანიისთვის დახარჯული თანხების კომენტირებისას განუცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2013-2019 წლებში რუსეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიაზე დანახარჯი 13 მილიონი ლარი იყო.

“ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ბაზარზე არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. 2013-2019 წლების პერიოდში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ბაზარზე ჯამში 70,707,893 ლარზე მეტი დახარჯა. რუსეთის ბაზარზე კი -13 მილიონი ლარი, რაც ჯამური დანახარჯის მხოლოდ 18.6% პროცენტს შეადგენს,”-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კეთდებოდა უწყების მხრიდან განცხადებები, რომ მარკეტინგული დანახარჯები ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებზე გაიწეოდა.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მარკეტინგული დანახარჯები გაიწეოდა შემდეგ მიმართულებებზე: ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და იაპონია, ხოლო რუსეთში არ დაიხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები შემდეგი მიზეზიდან გამომდინარე - ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ტურისტულმა ნაკადმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწია და ჯამურად ბოლო წლებში საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენიმე მილიონი შეადგინა”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ შედეგი გამოიღო.

“საქართველო არის ევროპული ქვეყანა, თავისუფალი ხალხით და ევროპული ფასეულობებით, ისტორიით, თანამედროვეობით და უსაფრთხო გარემოთი - ეს არის პოზიცია, რომელსაც ამკვიდრებდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა. როდესაც ქვეყნის სწორმა პოზიციონირებამ გამოიღო შედეგი, ჩვენ აღარ გვიწარმოებია მარკეტინგული კამპანია რუსეთში. აქედან გამომდინარე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ჩვენი კერძო სექტორი აღარ საჭიროებდა ჩვენს დახმარებას აღნიშნულ ტურისტულ ბაზარზე და ჩვენგან დამოუკიდებლადაც განაგრძობდა წარმატებულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე აქვს ნულოვანი დანახარჯი”, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.