"რეზონანსი" - ხალხი ბინებს ვეღარ აქირავებს, ფასი 20%-ით შემცირდა

თბილისში ბინის ქირის ფასი, შარშანდელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა. რეგიონებში კი უფრო რთული ვითარებაა და ხალხი ბინებს თითქმის ვეღარ აქირავებს. რაც შეეხება გაყიდვას, სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკის გამოყენებით დეველოპერები უძრავი ქონების ფასს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ, თუმცა როგორც რეალიზაციაზე, ასევე ქირაზეც მოთხოვნამ ბოლო თვეების განმავლობაში კატასტროფულად იკლო.

რაც შეეხება გირაოს, მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან გირაოს საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება. შესაბამისად, მოთხოვნა აღარ არის, რადგან ამხელა თანხის გადახდას ვერავინ ახერხებს.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის, რამაც ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა. პრობლემაა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც, სადაც უძრავი ქონების ბაზარი რეგულაციებისა და ლარის გაუფასურების გამო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

კომპანია "ბონუსის" წარმომადგენელი ილია ინაშვილი აცხადებს, რომ ვითარება საკმაოდ არაპროგნოზირებადია და მისი გამოსწორებაც ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

"ლარის გაუფასურებამ და ტურიზმის სფეროში არსებულმა პრობლემამ უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული ზარალი მიაყენა. დაწეულია ფასები ქირაზე, რაც შეეხება გასაყიდ ღირებულებას, სტაგნაცია არ არის, ფაქტობრივად, ფასი არ იცვლება არც ზრდის, არც კლების მიმართულებით, რაც დეველოპერების დიდი დამსახურებაა. ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკის გამოყენებით შეინარჩუნონ ფასი, რეალიზაცია კი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შექმნილ სიტუაციაში უძრავი ქონების გაიაფებას არავინ ფიქრობს. დაახლოებით 20%-ით არის ქირის ღირებულება შემცირებული, რაც მოთხოვნის კლებას უკავშირდება.

მდგომარეობა ახალი სასწავლო წლის დადგომამ შეიძლება ცოტათი შეცვალოს, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი ამ მხრივ ტრადიციულად დაბალია და შედეგს ეს რეალურად ვერ მოგვცემს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ინაშვილმა.

ბინების გაქირავებასთან ერთად, ინტერესი კომერციული ფართების მიმართაც შენელდა. კომპანია "სიგმას" დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გარდა, პრობლემა სეზონურობითაც არის გამოწვეული.

"უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არც წინა წლები იყო მაინც და მაინც გამორჩეული. თუმცა ახლა მეტი პრობლემაა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა ქირაზე, სულ მცირე, 20-25%-ით არის შემცირებული. თბილისში რამდენიმე ისეთი ობიექტია, რომლის ფასი არ იცვლება, თუმცა რიგ შემთხვევაში კლებაა. ლარის გაუფასურებასთან ერთად ვარდნა სეზონმაც განაპირობა.

ჩემი აზრით, ეს სიტუაცია დიდხანს არ გასტანს და ვითარება შეიცვლება, ამისთვის კი გვესაჭიროება მყარი ვალუტა, რაც მომხმარებელში ნდობას გამოიწვევს. ხალხს შეუმცირდა შემოსავალი, რამაც ბინებზე ხელმისაწვდომობა გაართულა.

ცენტრალური უბნებიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი საბურთალოა, რაც შეეხება გარეუბნებს, ამ მხრივ ინტერესი გლდანისა და ვარკეთილის რაიონებზეა. ჩვენ ყველა უბანზე ვმუშაობთ, თუმცა ძირითადი აქცენტი ცენტრალურ უბნებზე გვაქვს. ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა", - აცხადებს ლაჩაშვილი.

დილერების ინფორმაციით, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლების გაქირავებაა რთული. ასეთ სახლებს უცხოელები ქირაობდნენ. ახლაც ისინი რჩებიან ძირითად მომხმარებლებად, თუმცა მათი რაოდენობაც შემცირდა და აქტივობამაც იკლო.

"თბილისში მყოფი საშუალო შეძლების უცხოელებიც საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევენ. ამ ტერიტორიაზე აკეთებენ არჩევენს სტუდენტებიც, ყველას უნდა ბინა იქირავოს მეტროსთან ან უმაღლეს სასწავლებელთან ახლოს, რის შესაძლებლობაც ნაკლებადაა", - ამბობს ლიკა ბენია, უძრავი ქონების აგენტი.

მისი თქმით, ბოლო წლებში საცხოვრებელი ბევრმა თბილისელმა დაკარგა და მათ დიდ ნაწილს ქირით უწევს ცხოვრება. ესეც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც თბილისში ბინის დაქირავება ჭირს.

ქირაზე მოთხოვნა შემცირდა გარეუბნებშიც კი, სადაც ფართის დაქირავების მხრივ პრობლემა არასდროს იყო. ანალოგიური ვითარებაა ტურისტულ რეგიონებშიც, სადაც სეზონზე ქირაზე მუდმივად მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა.

ბათუმშიც კი ყველაზე იაფ ბინების დაქირავებაზე მოთხოვნა მასობრივად შემცირდა, რამაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო. ბათუმელი ლიკა ბოლქვაძე ამბობს, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავალი ბინის ქირიდან მიღებული თანხაა, მაგრამ წელს ბინა საერთოდ ვერ გააქირავეს.

"პირველი შემთხვევაა, რომ დამსვენებლის გარეშე დავრჩით. ოთახს დღიურად 30 ლარად ვაქირავებდით, რაც სეზონზე ძალიან გვეხმარებოდა. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ძირითადი შემოსავალია. წელს კი არ გაგვიმართლა, ფასი შევამცირეთ და უკვე 20 ლარადაც ვაქირავებთ, მაგრამ კლიენტი აღარ არის. ქვეყანა შიდა ტურისტებზე ამყარებს იმედს, რაც შვება ნამდვილად არ არის. ვისაც ფული აქვს, მსხვილ სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებს სტუმრობს, მცირეშემოსავლიანი ადამიანები კი, ვისზედაც ჩვენ ბინებს ვაქირავებდით, დასასვენებლად ვერ ჩამოდიან. ლარის გაუფასურებამ და არასტაბილურობამ ხალხს დასვენების განწყობა დაუკარგა. ჩვენ ერთგული მომხმარებელი გვყავს, ოჯახები, რომლებიც ყოველწლიურად გვსტუმრობდნენ, მაგრამ ახლა გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ დასვენებას ვერ ახერხებენ", - ამბობს ბათუმის მაცხოვრებელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"