"EURAXESS-ში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში ჩაერთონ"

„EURAXESS"-ში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ დღეს, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, "EURAXESS"- ში გაწევრიანება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს განათლების ცენტრად.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს ეხება ჩვენი ეროვნული იდეის- განათლების მეხუთე საფეხურს, მეცნიერებას. მიმდინარე წლის სექტემბერში მოეწერება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველო გაწევრიანდება „EURAXESS”-ში, ეს არის მეცნიერებათა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის პლატფორმა. ეს არის მთავარი პლატფორმა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, სადაც ხდება მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად. აქ წარმოდგენილი არიან ისეთი მეცნიერულად და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა იაპონია, ისრაელი და სხვა.

„EURAXESS“-ში საქართველოს გაწევრიანება იქნება უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ამაყობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ განათლების ცენტრად და მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პლატფორმაში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ დღეს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში. აქ საუბარია ძალიან ამბიციურ პროექტებზე, საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეიძლება 21-ე საუკუნეში გახდეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინოვაციების წყარო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან აქტიურად ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის, ქართულ სამეცნიერო წრეებთან გვაქვს ინტენსიური საუბარი და ჩემი სურვილია, ყველა ქართველი მეცნიერი, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პლატფორმაში“,- განაცხადა ბახტაძემ.