სემეკ-ი "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფების თაობაზე 22 აგვისტოს იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფების თაობაზე 22 აგვისტოს იმსჯელებს.

ამასთან დაკავშირებით სემეკის ვებ-გვერდზე 22 აგვისტოს დღის წესრიგი უკვე გამოქვეყნებულია. კერძოდ, 22 აგვისტოს დღის წესრიგი ასეა ფორმულირებული: "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კომისიის დადგენილების დამტკიცების შესახებ (სს ,,ენერგო–პრო ჯორჯიასათვის" ტარიფის დადგენა).

მანამდე კი სემეკ-მა უკვე იმსჯელა "ენერგო–პრო ჯორჯიას" მიერ ელექტროენერგიის კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე.

სემეკის ინფორმაციით, გადაწყვეტილების თანახმად, ს.ს. "ენერგო პრო ჯორჯიას" კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 2014–2015 წლებისათვის შეადგენს 75,870,836 ლარს. მათ შორის, 2014 წელს განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაა 31,825,680 ლარი, ხოლო 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა განისაზღვრა 44,045,156 ლარით.

სემეკ-ის ინფორმაციით, "ენერგო–პრო ჯორჯიას" 2014–2015 წლების საინვესტიციო გეგმის მიხედვით დაგეგმილია 110/35 კვ.ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია, რომელზეც 2 წლის განმავლობაში მოხდება 2 700 000 მლნ ლარამდე ივნესტიციის განხორციელება.

"ენერგო–პრო ჯორჯია" 2015 წლის ბოლომდე მოახდენს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დასრულებას. ამ მიმართულებით იგეგმება 42 000 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.

ასევე, საინვესტიციო გეგმა ითვალისწინებს 6/10 კვ ფიდერებისა და საკაბელო ხაზების, ელეგაზური ამომრთველებისა და 35 კვ უჯრედების, 6/10 კვ საჰაერო გამთიშველების, ტრანფორმატორების რეაბილიტაციას. 110 კვ ელეგაზური ამომრთველების მონტაჟს; ქვესადგურების შენობების, უჯრედებისა და მუდმივი დენის ოპერატიული კარადების, ავტომატებისა და დენმკვეთების რეაბილიტაციას.

საინვესტიციო გეგმა მოიცავს ელექტროენერგიის აღრიცხვისა და კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის "ალფა ცენტრის" რეაბილიტაციას საინვესტიციო მოცულობით 1 300 000 ლარამდე; ტექნოლოგიური პროცესის მონიტორინგისა და მართვის SCADA სისტემის რეაბილიტაციას საინვესტიციო მოცულობით 850 000 ლარამდე. 2014–2015 წლებში ავარიული მარაგებისათვის გათვალისწინებულია 726 800 ლარის ინვესტიციის განხორციელება.