ნინო თანდილაშვილი - სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა

სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, ასევე, საბანკო და საფინანსო სექტორის, საერთაშორისო (UNDP, UNIDO, USAID, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკა საქართველოს სამთავრობო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოთ ქვეყანაში ისეთი წარმოების განვითარებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს გარემოს. ბოლო წლების განმავლობაში, შევძელით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება და ბიზნესსექტორი ბიოწარმოებაზე გადავიდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ, კერძო ინვესტორებმა, დონორმა ორგანიზაციებმა, მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა, ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშაონ პოლიტიკა ეფექტიანი მწვანე დაფინანსების მობილიზების მიზნით. შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხრიდან გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ის ძირითადი გამოწვევები, ინიციატივები და ფინანსური მექანიზმები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა მცირე და საშუალო საწარმოებში.

ამასთან, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Environment” ფარგლებში მომზადდა.