კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

მთაწმინდის რაიონში, კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადდა. კერძოდ, საუბარია, ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 220 338 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდული სოფელი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო, სტუდენტური და ახალგაზრდული, სპორტული და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ბაზა საგანმანათლებლო, სამუშაო, შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი პროექტებისთვის, სპორტული შეკრებებისთვის.

კომპლექსს ექნება საცხოვრებელი დაახლოებით 300 ბენეფიციარის ერთდროულად განთავსებისთვის, ასევე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, საფესტივალო და სარეკრეაციო სივრცეები, ღია და დახურული ნაგებობები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებების განსახორციელებლად.

„ახალგაზრდული სოფელის ბაზაზე განხორციელდება საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, ბანაკები, სპორტული და კულტურული ფესტივალები, იქნება შესაბამისი თემატური სივრცეები სხვადასხვა ჯგუფების მუშაობისთვის (სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების არაფორმალური განათლების აქტივობები, ტექნოლოგიების მიმართულება, სტარტაპერები, სახელოვნებო ჯგუფები, სპორტული კლუბები),“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი
უბნები თბილისში, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების სიცოცხლეს - დედაქალაქში ქვათაცვენის უბნების კვლევა ჩატარდება
როგორი იქნება 11.9 მლნ ლარიანი მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი, რომელიც ვარკეთილში აშენდება (+ფოტო)
რისი გაკეთება იგეგმება მტკვრის სანაპიროებზე - გამარჯვებული პროექტი გამოვლენილია  (+ფოტო)