რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ თუ თბილისის აეროპორტში მგზავრებისთვის ტაქსით მომსახურება გსურთ - ექსკლუზიურ უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

„თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებით, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე http://tiny.cc/TAVGeorgia, გაეცნოთ შესაბამის მოთხოვნებს და 2019 წლის 16 აგვისტოს 17:00 საათამდე მოგვაწოდოთ თქვენი განაცხადი,“-აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება მოთხოვნებს, TAV Georgia-ს ცნობით:

  • ავტომობილები უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული, სუფთა, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით;
  • აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ არანაკლებ 10 ავტომობილისა, ხოლო დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე;
  • ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით ,,აეროპორტის ტაქსი“;
  • ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული 30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისათვის;
  • მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით;
  • ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა. მგზავრის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მძღოლმა უნდა გასცეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ამასთან, როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით; უნდა იყვნენ პროფესიონალი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული და მგზავრზე ორიენტირებული.

რაც შეეხება ტარიფებს, მგზავრის გადაყვანა აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი ფიქსირებული ტარიფით (ქალაქის ცენტრამდე და სხვა უბნებში) ან ტაქსომეტრით; მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს მგზავრთა მომსახურება ე.წ. „შატლ სერვისით“.

თაია არდოტელი