ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

მათივე ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.