იახტ კლუბი,  ვერტმფრენის მოედანი, კონგრესცენტრი - როგორი იქნება ცათამბჯენები „რივიერას“ ტერიტორიაზე (+ფოტო, ვიდეო)

ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფი“ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე იახტ-კლუბის მოწყობას, რაც საწინდარი გახდება ქვეყანაში მაღალბიუჯეტიანი ტურისტების სეგმენტის მოსაზიდად.

მრავალსართულიანი კომპლექსის ბოლო სართულზე ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანი იქნება, საიდანაც ფრენები განხორციელდება კურორტ გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით.

პროექტი ასევე გულისხმობს 2000 სტუმარზე გათვლილი კონგრესცენტრის აშენებას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ნებისმიერ სტუმარს, მთელი წლის განმვალობაში, სხვადასხვა პროფილის მომსახურებას შესთავაზებს.

„ბათუმი რივიერას პროექტის განხორცილების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები (დასაქმდება დაახლოებით 1000 ადამიანი). პირველი ფაზის დასრულების შემდეგ აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი კი ყოველწლიურად დაახლოებით, 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი - დაახლოებით 7 მლნ დოლარი პროექტის მიხედვით გათვალისწინებული 2 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება და კეთილმოწყობა. აშენდება ამფითეატრი და მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი სივრცე. მწვანე ფასადის იქნება ასევე ყველა მაღალსართულიანი ნაგებობა,“- აღნიშნავენ „სილქ როუდ ჯგუფში“.

ცნობისთვის, რივიერას ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს შეიძინა, საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოს გადაუხადა 10,086,000 ლარი (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსით 5.6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იყო).

თაია არდოტელი