საქართველოში კივანოს წარმოება კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში „ლოლაძეების ფერმაში“ დაიწყო. როგორც პროდუქტის ამ დროისთვის ერთადერთი მწარმოებელი ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კივანოს მოყვანით დაახლოებით, 4 წლის წინ დაინტერესდა და ამ დროისთვის უკვე ორ ჰიპერმარკეტს ამარაგებს. რაც შეეხება მის ღირებულებას, 1 კგ კივანო 28 ლარი ღირს.
კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში.
პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.
„კივანოს პირველი მოსავალი შარშან ავიღეთ, მისი მოყვანით კი დაახლოებით, 4 წლის წინ დავინტერესდით. ეს არის საოჯახო ბიზნესი, ვართ მამა და ორი შვილი, რომელთაც მიწის ნაკვეთები გვაქვს ლაგოდეხში. ჩვენი ბრენდის სახელწოდებაა „ლოლაძეების ფერმა“,-აცხადებს „ბიზნესპრესიუსთან“ ლაშა ლოლაძე.
მისი თქმით, პროდუქტის ღირებულება საკმაოდ მაღალია და ამ დროისთვის მხოლოდ ორ ჰიპერმარკეტში იყიდება.
„ჩვენს ფერმაში კივანოს დიდი ფართობი არ უკავია. მისი ფასი საკმაოდ მაღალია და ამჟამად მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ. წელს დაახლოებით, ნახევარ ტონა მოსავლს ველოდებით. პროდუქტი მხოლოდ იმ ჰიპერმარკეტებში იყიდება, სადაც ეგზოტიკური ხილისა ბოსტნეულისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი“, - აცხადებს ლაშა ლოლაძე.