ჩემი პასუხი 20 ივლისამდე და 20 ივლისის შემდეგ არის ერთი და იგივე - საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო ტურისტული ბაზარი და ეს აღიარებულია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც საქართველოში ფრენების განახლებას ეხება.
მისი თქმით, საქართველო უსაფრთხო, გახსნილი და მიმზიდველია და ქვეყანა ელის, როგორც რუს, ასევე ნებისმიერი სხვა ეროვნების ტურისტს. ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ "რუსეთის მხარე ამას დაინახავს, გაიზიარებს და ეს აისახება შემდგომ უფრო პოზიტიურად."
"ზოგადად, რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის აკეთებდნენ თავის განცხადებებში აქცენტს საქართველოში უსაფრთხოების თემებზე და რუსი ტურისტების უსაფრთხო გარემოს არსებობა-არარსებობის პრობლემაზე. ამ თვალსაზრისით რაიმე სიახლე არ მოგვისმენია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია. უსაფრთხოა ნებისმიერი ეროვნების ტურისტისთვის. გახსნილია და თუკი რუსეთის მხარე ამ მოცემულობას დაინახავს და გაიზიარებს, ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ლავროვის განცხადების დაკავშირებას რაიმე სხვა პრობლემატიკასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უსაფუძვლო,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა მას ამ საკითხთთან დაკავშირებით რაიმე სახის კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან, ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
"ვფიქრობ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ დგას. შესაბამისად, რაიმე სხვა ქმედება ნეგატიური, რაც ამასთან იყო დაკავშირებული, ესეც საფუძველს მოკლებულია," - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ელის „ანტირუსული ისტერიის შემდგომი გაღვივების საფრთხისა და ზიანის სწრაფ გააზრებას."
"მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თბილისში თავის თავში იპოვა ძალა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის სამარცხვინო გამოხტომის დასაგმობად. ამ არხზე შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის პრეზიდენტს, რამაც თვით ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება“, - აღნიშნა ლავროვმა.