მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, "თელასმა" პროფილაქტიკური სამუშაოები შეაჩერა

თბილისში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, კომპანია "თელასი" სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს დროებით აჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ”თელასი” ავრცელებს. მათი განმარტებით, სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ განახლდება, რაც ტემპერატურა ნორმის ფარგლებში მოექცევა და მოსახლეობისთვის საშიშროებას არ შექმნის.

"დედაქალაქში მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაჩერებთ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ეს სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება და სამუშაოები განახლდება, როგორც კი ტემპერატურა ნორმის ფარგლებში მოექცევა", - აღნიშნა "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი ფანცულაიამ.

საქართველოში დღეს ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილის, ნინო წვერავას განცხადებით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი კახეთში დაფიქსირდება და საშუალოდ 41 გრადუსი იქნება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება.