გასულ წელთან შედარებით, 2019 წლის ივნისში უცხოეთიდან საქართველოში ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილები, დოლარში 6.3%-ით გაიზარდა.
ევროსა და ლარის შემთხვევაში კი, წლიური ზრდის მაჩვენებელი შესაბამისად, 10.1% და 20.1% იყო. ამის შესახებ ფულადი გზავნილების შესახებ “თიბისი ბანკის“ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, რეგიონების მიხედვით, ევროკავშირი შემოსავლებით მყარ პოზიციაზე დგას და გზავნილები (აშშ დოლარი) გასულ წელთან შედარებით 24.9% არის გაზრდილი. დსთ-ს ქვეყნებიდან კი ფულადი გზავნილები (აშშ დოლარი) 2.4%-ით შემცირდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გზავნილები (აშშ დოლარი) წლიურად 4%-ით არის შემცირებული.
როგორც „თიბისი ბანკის“ კვლევაშია აღნიშნული, ფულად გზავნილებში ქვეყნების მიხედვით, იტალია ლიდერობს, რომელსაც გასულ წელთან შედარებით, ყველაზე დიდი 24%-იანი (აშშ დოლარი) ზრდა ჰქონდა, მას მოსდევს საბერძნეთი (+23.1 აშშ დოლარი) და ამერიკის შეერთებული შტატები (+7.5% აშშ დოლარი).
„ფულადი გზავნილების შემცირება თურქეთიდან ივნისშიც შეინიშნებოდა (-22.3% აშშ დოლარი გასულ წელთან შედარებით). რუსეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმაც განიცადა შემცირება და გასულ წელთან შედარებით, 11.3%-ით შემცირდა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების სიმცირის ნეგატიური ტენდენცია 2018 წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნებოდა. ამავდროულად, გზავნილებში რუსეთიდან შემომავალი თანხების წილი წლების განმავლობაში მცირდებოდა. ბოლო თორმეტი თვის მონაცემებით (2019 წლის ივნისის ჩათვლით), ფიზიკური პირებისთვის რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს, მაშინ როცა, ევროკავშირის ქვეყნები გზავნილების წილში 37.2%-ს იკავებს,“-აღნიშნულია კვლევაში.
მარიამ მენაბდიშვილი