გაოთხმაგებული საპენსიო დანაზოგი საქართველოში ასეულამდე ადამიანმა უკვე აიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, შემთხვევებზე, როდესაც ადამიანი ასაკით განსაზღვრულ პენსიასთან ერთად დაგროვებით პენსიასაც იღებს.
„მართალია ჯერ ბევრი არა, თუმცა გვყავს ადამიანები, რომლებიც გაწევრიანდნენ საპენსიო სააგენტოში და საპენსიო ასაკმაც მოუწია. შესაბამისად, მოვიდნენ სააგენტოში, დაწერეს განცხადება და უკვე გაოთხმაგებულ დანაზოგს იღებენ. ამასთან, ამ პირებს უფლება აქვთ ეს თანხა ერთიანად გაიტანონ. მსგავს ადამიანთა რიცხვი დაახლოებით, ასეულის ფარგლებშია, თუმცა, ვფიქრობ, ეს რიცხვი გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ფარგლებში ცალკე დეპარტამენტი იქნება, ვინც ამ ადამიანებს მოემსახურება,“-აღნიშნა სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით საპენსიო ფონდში 275 მილიონი ლარია აკუმულირებული. სქემაში რეგისტრირებულთა რაოდენობა კი 845 ათასია. საპენსიო სქემიდან სულ გასულია ადამიანების დაახლოებით 14%.