აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის ზრდის პროგნოზს 5.7%-იან ნიშნულზე, ხოლო 2020 წელს 5.6%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს და ამით უცვლელად ტოვებს აპრილში გაკეთებულ პროგნოზს.
აღსანიშნავია, რომ ზრდის ეს მაჩვენებლები რამდენადმე ჩამორჩება 2018 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნების ზრდის 5.9%-იან მაჩვენებელს. ახალი ინდუსტრიული ეკონომიკების — ჰონგ-კონგი, ჩინეთი; კორეის რესპუბლიკა; სინგაპური; და ტაიპეი, ჩინეთი, — გამოკლებით, რეგიონული ზრდის პროგნოზი 2019 წლისათვის 6.2%-დან 6.1%-მდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვისაც შენარჩუნდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (აშშ) შორის სავაჭრო დაძაბულობის გაღრმავება რჩება ამ პროგნოზის შემცირების ყველაზე დიდ რისკფაქტორად, მიუხედავად ივნისის ბოლოს დაზავებისა, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელი უნდა გაეხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო კონფლიქტი გრძელდება, რეგიონში სავარაუდოა მძლავრი, მაგრამ შენელებისადმი მიდრეკილი ზრდის შენარჩუნება. თუმცა, სანამ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა შეთანხმებას არ მიაღწევს, არასტაბილური გარემოს ზემოქმედება რეგიონულ პროგნოზზე გაგრძელდება, “ - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ აზიის ზრდის პროგნოზი 2019 წელს 5.6%-მდე კორეის რესპუბლიკაში მოსალოდნელზე დაბალი აქტივობის გამო შემცირდა. უცვლელი რჩება ქვერეგიონის 2020 წლის 5,5%- იანი ზრდის პროგნოზი. ქვერეგიონის უმსხვილესი ეკონომიკის — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზრდაც უცვლელია და 2019 წელს 6.3%, ხოლო 2020 წელს - 6.1%-ს ვარაუდობენ, რადგან პოლიტიკური მხარდაჭერა საშინაო და საგარეო მოთხოვნის ზრდის შენელების კომპენსირებას ახდენს.
სამხრეთ აზიაში ეკონომიკური პროგნოზი მყარია: 2019 წელს ზრდა 6.6% ნიშნულზეა, 2020 წელს — 6.7%-ზე, თუმცა ეს აპრილში გაკეთებულ პროგნოზზე ნაკლებია. ინდოეთის ზრდის პროგნოზი შეიკვეცა 2019 წელს 7.0%-მდე და 2020 წელს 7.2%-მდე, რადგან 2018 წლის ფისკალურმა შედეგმა იმედები ვერ გაამართლა.
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისათვის პროგნოზმა მცირედით იკლო 2019 წელს 4.8%-მდე და 2020 წელს 4.9%-მდე, რაც სავაჭრო ჩიხმა და ელექტრონიკის წარმოების ციკლის შენელებამ გამოიწვია.
ცენტრალური აზიაში, 2019 წლის ზრდის პროგნოზმა 2019 წლისათვის 4.3%-მდე მოიმატა ყაზახეთის გაუმჯობესებული პროგნოზის ხარჯზე. ცენტრალური აზიის განვითარების 4.2%-იანი პროგნოზი 2020 წლისათვის უცვლელი რჩება. ზრდის პროგნოზი უცვლელი რჩება წყნარი ოკეანის რეგიონშიც — 2019 წელს 3.5% და 2020 წელს 3.2%, რადგან ქვერეგიონი კვლავაც განაგრძობს ციკლონ გიტასა და ქვერეგიონის უმსხვილეს ეკონომიკაში — პაპუა-ახალ გვინეაში მომხდარი მიწისძვრის შედეგებისგან აღდგენას.
უმსხვილესი ინდუსტრიული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა თავიანთ ზრდის პროგნოზებში უმნიშვნელო შესწორებები შეიტანეს: აშშ-ში 2019 წლისათვის 2.6%-მდე გაიზარდა მაჩვენებელი, ხოლო ევროზონაში 1.3%-მდე იკლო. ზრდის პროგნოზი იაპონიისათვის უცვლელია და წარმოდგენილია 2019 წელს 0.8%-ით, 2020 წელს 0.6%-ით.
აზიის განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის პროგნოზები 2019 და 2020 წლებისათვის მეტობით შესწორდა 2.5%-დან 2.6%-მდე, რაც ასახავს ნავთობის მაღალ ფასებს და სხვადასხვა საშინაო ფაქტორებს, როგორიცაა აფრიკული ღორის ცხელების უწყვეტი ეპიდემია რამდენიმე აზიურ ქვეყანაში, რაც, სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის რეგიონში ღორის ხორცის ფასის ზრდას გამოიწვევს.
ცნობისთვის, ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.