„მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და უნდა შეიცვალოს - ტარიფზე ამ ეტაპზე კომპანიასთან არ ვსაუბრობთ"

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების პარკის გამოცვლის გარეშე კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჯერჯერობით კომპანიასთან ტარიფის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.

„სატრანსპორტო პოლიტიკა, ალბათ, გვექნება 2020 წლის ბოლოს, რადგან ახალი სისტემის განხორციელება უნდა დაიწყოს 2021 წლიდან. მანამდე მოსაწესრიგებელია ქალაქში მთლიანი ინფრასტრუქტურა, სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები ივლის. ყველა ქუჩაზე, სადაც სამუშაოებს ვაწარმოებთ, ვაკეთებთ ავტობუსების ზოლებს და ჭავჭავაძე რომ დამთავრდება, ნახავთ, თუ როგორი განსხვავებული ქუჩა იქნება. რაც შეეხება ინტეგრირებას, 2020 წლისთვის გვექნება სრული სურათი, მათ შორის ტარიფთან დაკავშირებითაც. თუმცა, რაც შემიძლია ვთქვა, მთლიანი შემოსავლები, რაც დღეს სატრანსპორტო კომპანიას აქვს, იმ შემოსავლებს არ აღემატება, ისე იქნება ყველაფერი გადანაწილებული“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, როგორც კალაძე აცხადებს, მათი პარკის ცვლილების გარეშე, ეს კომპანია ბაზარზე ვერ დარჩება.

„მიკროავტობუსები არის უმძიმეს მდგომარეობაში და ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება ისიც, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. სხვანაირად ეს კომპანია ვერ დარჩება ბაზარზე და ვერ გააგრძელებს მუშაობას. ტარიფზე ამ ეტაპზე კომპანიასთან არ ვსაუბრობთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება, როცა სრული სურათი იქნება და ყველაფერს დავთვლით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთიანი გადახდის სისტემაში მოექცევა. ცვლილების თანახმად, მოსახლეობას დედაქალაქში ავტობუსებში, მეტროსა და მიკროავტობუსში მგზავრობა ერთი ბილეთის საშუალებით შეეძლება.