ვაკე-საბურთალოს რაიონში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 23%-ით შემცირდა - SS.ge-ს კვლევა

SS.ge-ს კვლევის თანახმად, საბურთალოზე გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 23% ით შემცირდა გასაქირავებელზე კი 49%-ით გაიზარდა.

სეზონურობის გამორიცხვის მიზნით, კვლევაში 2019 წლის ივნისი შედარებულია, როგორც 2019 წლის მაისთან, ასევე 2018 წლის მაისისა და ივნისის თვეებთან.

კვლევის შედეგებთან ერთად აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივნისში უძრავი ქონების საიტს საერთო ჯამში 404 458 ადამიანი ათვალიერებდა, წინა წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 331 750 ადამიანს შეადგენდა, რაც გასულ წელთან შედარებით 22.5 %-იან ზრდას ნიშნავს.

კვლევაში განხილულია გასაყიდ და გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ცვლილება. ამჯერად საკვლევ უბნებად აღებულია - ვაკე, საბურთალო და დიღომი. BPN.GE პერიოდულად შემოგთავაზებთ, SS.ge-ს კვლევას სხვადასხვა უბნებში მიმდინარე ტენდენციების შესახებ.

SS.ge -ს კვლევის თანახმად, ვაკეში 2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით მოთხოვნა 11%-ით შემცირდა, 2018 წლის ივნისთან შედარებით კი 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა 2019 წლის მაისში წინა წლის მაისთან შედარებით, მოთხოვნა 23%-ით არის შემცირებული. (იხ. დანართი 2.0)

ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს საბურთალოს შემთხვევაშიც, 2019 წლის ივნისში მოთხოვნა, მაისთან შედარებით 11%-ით შემცირდა, 2018 წლის ივნისთან შედარებით კი 4%-ით გაიზარდა, თუმცა თუ 2019-2018 წლის მაისს შევადარებთ, ვნახავთ რომ მოთხოვნა მაისის თვეში 9%-ით არის გაზრდილი.(იხ. დანართი 2.0)

SS.ge -ს კვლევის თანახმად, დიღომში 2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით ყიდვა-გაქირავებაზე მოთხოვნა 3%-ით შემცირდა. წინა წელთან შედარებით აღნიშნულ პერიოდზე 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა 2019 წლის მაისის 2018 წლის მაისთან შედარების შემთხვევაში, მოთხოვნაზე 15%-იანი შემცირება ფიქსირდება. (იხ. დანართი 2.0)

უძრავი ქონების ყიდვასა და ქირაობაზე მოთხოვნა SS.ge -ს კვლევაში ცალ-ცალკეა განხილული.

მოთხოვნა გასაყიდ ბინებზე

საინტერესო ტენდეცია გამოიკვეთა ბინის ყიდვის კუთხით, როგორც აღმოჩნდა SS.ge -ს კვლევით, ყიდვაზე მოთხოვნა შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის ივნისში მაისთან შედარებით:

  • ვაკე - 17%-ით ნაკლები;
  • საბურთალო - 18% ნაკლები;
  • დიღომი 5%-ით ნაკლები;

რაც შეეხება წინა წლის მაჩვენებელს, აქაც შემცირების ტენდეცია იკვეთება:

  • ვაკეში 16%-ით;
  • საბურთალო - 32%-ით;
  • დადიღომი 15%-იანი შემცირება ფიქსირდება.

მოთხოვნა გასაქირავებელ ბინებზე

სრულიად საპირისპირო მაჩვენებელი გვაქვს გაქირავების შემთხვევაში. SS.ge -ს კვლევის თანახმად, 2019 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით მოთხოვნა გაიზარდა.

  • ვაკეში - 31%-ით გაიზარდა;
  • საბურთალო - 82%-ით გაიზარდა;
  • დიღომში - 67%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება 2019 წლის მაისის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაშიც მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება.

  • ვაკეში - 18%-ით;
  • საბურთალო - 72%-ით;
  • დიღომში - 46%-ით გაიზარდა.

SS.ge -ს კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებელი გვაძლევს შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოში უძრავი ქონების ყიდვაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც შესაძლოა, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც.

კვლევით დადგენილია, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ბინის შეძენას გრძელვადიანი სესხით ცდილობდა, რეგულაციების შედეგად კი უმეტესობა ბანკში გადამხდელუნარიანობას ვერ ადასტურებს. შესაბამისად, ყიდვაზე მოთხოვნის შემცირება პოზიტიურად აისახა გაქირავების მოთხოვნის ზრდაზე.