ვირუსულად გავრცელებულ აპლიკაციას FaceApp-ს 150 მილიონზე მეტი ადამიანის სახესა და სახელების შესახებ ინფორმაციაზე აქვს წვდომა.
ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა Forbes წერს.
„ამ აპლიკაციის შესახებ ყველამ იცის, მეგობრები პოსტავდნენ ფოტოებს, რომლებზეც მათი მომავალი გარეგნობა იყო გამოსახული. აპლიკაცია ხალხს საშუალებას აძლევს, შეიცვალონ სახის გამომეტყველება, გარეგნობა და რამდენიმე წლით დაბერდნენ. ამავდროულად, FaceApp-ის მომხმარებლები აპლიკაციას უფლებას აძლევდნენ, მათ ტელეფონში არსებულ ფოტოსურათებსა და მათ სახელებზე წვდომა მიეღო - ნებისმიერი მიზნით, როცა მოუნდება და რამდენ ხანსაც მოუნდება“, - წერს Forbes.
სტატიის ავტორი წერს, რომ აპლიკაცია Google Play-დან 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა, iOSApp Store-ს მომხმარებლებში კი აპლიკაცია 121 ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებით სარგებლობს.
როგორც Forbes წერს, FaceApp-ის პირობების თანახმად, „აპლიკაციაში დარეგისტრირებული მომხმარებელი თავის ანგარიშის მუდმივად ფლობს, ხოლო კომპანიას საშუალება და ლიცენზიაც აქვს, ადამიანების სახეები როცა უნდა და როგორც უნდა, ისე გამოიყენოს.
„თქვენ FaceApp-ს ანიჭებთ მუდმივ, შეუქცევად, არაექსკლუზიურ, ჰონორარებისგან თავისუფალ ლიცენზიას მსოფლიოს მასშტაბით, გამოიყენოს, მოდიფიცირება გაუკეთოს, გაამარტივოს, გამოაქვეყნოს, გადათარგმნოს ან საჯარო მიზნებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის ნებისმიერი სახელი ან კონტენტი, რომელიც მომხმარებლებთან არის დაკავშირებული. შეუძლია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გამოიყენოს ყველა მედია ფორმატსა და არხზე, რაც ახლა არის ცნობილი ან მომავალში განვითარდება, როცა პოსტავთ ან თქვენს კონტენტს გვიზიარებთ, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ინფორმაცია (სახელი, ადგილმდებარეობა, პროფილის ფოტო) საჯარო იქნება“, - ნათქვამია აპლიკაციის გამოყენების პირობებში.
როგორც Forbes წერს, მაშინ, როცა ჩვენ შესახებ მსგავს ინფორმაციას Amazon-იც ფლობს, შეიძლება, ეს პირობები საგანგაშოდ არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსული კომპანიის მიერ შექმნილი აპლიკაცია თქვენი სახის შესახებ FSB-ს არ მიაწვდის ინფორმაციას.
„რაც ბოლო წლებში Facebook-ის აპლიკაციების შესახებ შევიტყეთ, არის ის, რომ ისინი აგროვებენ მონაცემებს, რომლებსაც კონკრეტული მიზნებით გამოიყენებენ. ინფორმაცია, კი რომელსაც აგროვებენ, ყოველთვის უსაფრთხოდ შენახული არ არის. როცა რამეს ატვირთავთ cloud-ზე, დაკარგავთ კონტროლს თქვენს კონტენტზე და მისი გამოყენების ლიცენზიას Apple-ს აძლევთ. სწორედ ამის გათვალისწინებით აქვს Apple-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სენსიტიური სისტემა. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა რაიმე აპლიკაციას ჩვენს ინფორმაციაზე წვდომის უფლებას ვაძლევთ“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.
მარიამ მენაბდიშვილი