ლაგოდეხში მინი კივი  იწარმოება - როგორია პროდუქტის ღირებულება

მინი კივის პლანტაციები, კახეთში, კერძოდ ლაგოდეხშია გაშენებული. ამ ეტაპზე პროდუქტის ერთადერთი კომერციული მწარმოებელი „ლოლაძეების ფერმაა“, რომლის დამფუძნებლებმაც პირველი ნერგი 15 წლის წინ, აშშ-დან შემოიტანეს. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მინი კივი მცირე რაოდენობით 2 ჰიპერმარკეტში იყიდება და მისი სარეალიზაციო ფასი 26 ლარია.

ლაშა ლოლაძის თქმით, მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.

„მინის კივი სამოყვარულო მიზნებისთვის დაახლოებით, 15 წლის წინ აშშ-დან შემოვიტანე. აქამდე მხოლოდ აღნიშნული ნერგებიდან მიღებული მოსავლის რეალიზაცია ხდებოდა. თუმცა, 2 წლის წინ დამატებითი 20-მდე სახეობის ნერგი პოლონეთიდანაც შემოვიტანეთ, რომლის სარეალიზაციო მოსავალსაც ველოდებით. თავის მხრივ, ეს ნერგებიც განსხვავდება როგორც ფერით, ისე გემო თვისებებით. ზოგადად კი, ტრადიციულისგან განსხვავებით, მინი კივს ბუსუსები არ აქვს და მისი კანით დაგემოვნებაც შეიძლება, გათლას არ საჭიროებს. რაც შეეხება გემო თვისებებს, არის უფრო ტკბილი და არომატული“,-აცხადებს ლაშა ლოლაძე.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტის ღირებულება საკმაოდ მაღალია, მინი კივი „ლოლაძეების ფერმაში“ მცირე რაოდენობით იწარმოება.

„პროდუქტი ორ ჰიპერმარკეტშია ხელმისავდომი და მისი სარეალიზაციო ფასი 26 ლარია (1კგ). იქიდან გამომდინარე, რომ მინი კივის ღირებულება საკმაოდ მაღალია, მას მომხმარებლების მცირე სეგმენტი ჰყავს, შესაბამისად, დიდი რაოდენობით არ ვაწარმოებთ. პლანტაციები დაახლოებით, 1000 კვ.მ ფართობზე გვაქვს გაშენებული“,-აცხადებს ლაშა ლოლაძე.

მისივე ინფორმაციით, ფერმაში მინი კივის ახალი ჯიშების გამოყვანაც ხდება და მიუხედავად იმისა, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ამ დროისთვის პროდუქტის საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია, ნერგების რეალიზაციასაც ახდენს.

„ერთმანეთზე მყნობით, გამოგვყავს მინი კივის ჩვენეული ჯიშებიც და ნერგებს ყველა დაინტერესებულ პირზე ვყიდით. ძირითადად ოჯახში მოსაყვანად ყიდულობენ“,-აღნიშნავს ლაშა ლოლაძე.