პაატა სალია - გვარამია აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება შეუძლებელია თუ არ მოხდება მისთვის 5 მლნ-ის გადახდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვისთვის მივმართეთ, რისი შესრულებაც მათთვის სავალდებულო იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა.

„სასამართლო გადაწყვეტილება წარვადგინეთ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის. იუსტიციის სახლისთვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. წარვადგინეთ განაცხადი დაჩქარებული წესით დარეგისტრირებაზე წილების ცვლილებასთან დაკავშირებით. რაც შესაბამისად, განახორციელა რეესტრმა“, - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან გაფორმებულ კონტრაქტს, როგორც სალია აცხადებს, ის აღნიშნულ დოკუმენტს არ იცნობს.

„ვიცი, რომ კონფიდენციალურია ეს დოკუმენტი, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხალვაში კომპანიის მესაკუთრე გახდა, მას უფლება აქვს ნახოს ეს კონტრაქტი. რაც მედიასაშუალებებიდან გავიგე კონტრაქტის შესახებ არის ის, რომ ნიკა გვარამია აცხადებს, მასთან იმგვარი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომ მისი გათავისუფლება შეუძლებელია თუ არ მოხდება მისთვის თანხის გადახდა. თუ არ ვცდები, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. მე ეს ხელშეკრულება არ მინახავს, როცა ვნახავ სამართლებრივ ნაწილზე უფრო დეტალურად გესაუბრებით“, - განაცხადა სალიამ.