„რუსთავი 2“-ის მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება. კრების ოქმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული.
დოკუმენტით ირკვევა, რომ კრება ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან დაახლოებით ერთ საათში მოიწვია.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ორჯერ აწერს, როგორც 60% წილის მფლობელი და როგორც შპს პანორამას დირექტორი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40%-ს ფლობს. ჯამში, ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელია. ხალვაში ტელეკომპანიის მესაკუთრედ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა.