სტიქიამ ამბროლაური დააზარალა

ძლიერი ქარის, წვიმის და სეტყვის შედეგად ამბროლაურში 8 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა, სამ კორპუსს კი ძლიერმა ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის მხარის ადმინისტრაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

„სტიქიის ადგილას მყისიერად მოხდა სამაშველო სამსახურის მობილიზება. ამჟამად ქალაქში შემოსასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ყველა დაზიანებულ საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან სამაშველო და მერიის სამსახურები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი ცნობით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები და უკვე შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.

მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ზარალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.