რისკის კონტროლის სტრუქტურა იქნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ახლა ინტენსიური მუშაობა მთავარი რისკის ოფიცრისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევაზე მიდის. მისივე განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ თანამდებობებზე მაღალი რანგის პროფესიონალები უნდა შეირჩნენ.
„რისკის კომიტეტი, დასაწყისში სამი პროფესიონალისგან იქნება შედგენილი. მთავარი რისკის ოფიცერი, რომელიც უშუალოდ უხელმძღვანელებს სტრუქტურას, ხოლო მის ქვემოთ იქნება რისკის კონტროლის სამსახური, რომელიც იმ ამოცანებს ამოხსნის, რომელიც იქნება ყოველდღიურად დასმული,“ - აცხადებს სურგულაძე.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რისკის კომიტეტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეიქმნება, რომელიც მუშაობის პროცესში დასავლურ და უახლეს მეთოდოლოგიებს გამოიყენებს. სააგენტოს დირექტორმა საინვესტიციო საბჭოს წევრების თბილისში სამუშაო ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სამუშაო დღეები საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ახლა კი მათთან კომუნიკაცია დისტანციურად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. სურგულაძის განცხადებით, საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.