კრწანისის რაიონის გამგეობამ გორგასალის ქუჩის N39-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ახალი სკვერი 600 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, ბილიკები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით და საბაღე გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება სკამები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
ამ ეტაპზე, სკვერის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
„წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ, რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორია, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ მოსახლეობას. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე კრწანისში უკვე ხუთი სკვერი მოეწყო, მსგავსი ტიპის სამუშაოები, პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.
გორგასალის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 265 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულებს.