საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას, გერბსა და „დავითნის“ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მიიღო. ნიკოლოზ ანთიძის 28 ივნისის ბრძანება 18 ივლისს გამოქვეყნდა.
„დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში,“-აღნიშნულია ბრძანებაში.