„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ხდება ავტობუსების გადაწყობა და ტექინსპექტირებაზე ე.წ. კუკლა, ანუ შეფუთული ავტობუსები მიდის“. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ასოციაციას აქვს არაერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ბოლავს ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები ქუჩაში მოძრაობისას, მას შემდეგ რაც ტექინსპექტირებას გაივლიან. ეს კი მესხიშვილის შეფასებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საწვავში მინარევების შერევა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურად ინსპექტირებისთვის გადაწყობა ხდება.
„მე გადავიღე ის ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომელიც ბოლავს ქუჩაში მოძრაობისას. აღსანიშნავია, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებებს ინსპექტირება აქვთ გავლილი და არცერთი არ ბოლავს ტექინსპექტირების გავლის პროცესში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საწვავში ხდება მინარევების შერევა, არის შემთხვევები, რომ დიზელისძრავიან სატრანსპორტო საშუალებაში ხდება ბენზინის შერევა და ა.შ.
მეტიც, ავტობუსები ინსპექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან მოდიან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სატრანსპორტო კომპანიაში ხდება ავტობუსების ინსპექტირებისთვის გადაწყობა. იქ ბევრი სათარიგო ნაწილია და ხდება ერთი ავტობუსის აწყობა/გამოშვება ინსპექტირებისთვის, ხოლო კომპანიაში დაბრუნების შემდეგ შეიძლება ისევ გადაწყობა ხდება და გზაზე ვიღებთ ისეთ ავტობუსებს, როგორსაც ვხედავთ თითოეული ჩვენგანი. ანუ ინსპექტირებაზე მიდის ე.წ. კუკლა, შეფუთული ავტობუსი, რომელიც ცენტრიდან გასვლის შემდეგ მალევე ხდება ისეთი, როგორიც ინსპექტირებამდე იყო. მე არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ ყველამ გაიარა ინსპექტირება და ამის ეჭვიც საკმაოდ მაღალია,“-აცხადებს მესხიშვილი.