სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში ჩართვას სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შეძლებენ, თუმცა შეიძლება მარკეტინგულად აქცენტირება ტურიზმის მიმართულებაზე გაკეთდეს.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ტურიზმის სექტორზე გადაწყობა, მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი ისედაც მოიაზრებოდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში, ახლა კი შესაძლოა, მარკეტინგულად უფრო მეტი აქცენტირება გაკეთდეს მასზე.
„ტურიზმის კომპონენტი ისედაც გათვალისწინებულია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში, თუმცა ალბათ, თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აქცენტი რაზე გაკეთდება და პოზიციონირება როგორ მოხდება. რა თქმა უნდა, საკრედიტო მექანიზმი ითვალისწინებს სხვადასხვა სექტორებს, თუმცა შეიძლება მარკეტინგულად გაკეთდეს აქცენტირება ტურიზმის მიმართულებაზე, რადგან ეს დღეს საქართველოში არის ყველაზე დიდი გამოწვევა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის უკვე არსებული მოდელი ცვლილებას არ საჭიროებს და ტურიზმის სექტორთან ერთად, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სხვა სექტორების დაკრედიტებასაც გულისხმობს.
„ცვლილება არ სჭირდება, აქ ცვლილებაზე არ იყო ლაპარაკი, აქ ლაპარაკი იყო მარკეტინგულ აქცენტებზე, რათა ჩვენ უფრო კარგად დავანახოთ მეწარმეებს, რომ ეს პროგრამა ტურიზმზეც ვრცელდება, თუმცა ეს პროგრამა არ კეტავს იმას, რომ სხვადასხვა კომპანიებმა შეძლონ სხვადასხვა ინდუსტრიებში დაფინანსების მოპოვება“, - აცხადებს ხიდურელი.
კითხვაზე, როდის შეძლებს ბიზნესი სახელმწიფო გარანტიის ფარგლებში სესხის აღებას, ხიდურელი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„თარიღს ნამდვილად ვერ დავასახელებ, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, მიდის ძალიან აქტიური მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, კვირაში 3-ჯერ გვაქვს შეხვედრები ბანკებთან.
ბანკებმა უნდა გადააწყონ თავისი პროცესები, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში, დაანონსდა პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან დამტკიცება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ამოქმედდა, ზუსტად იმიტომ, რომ ახლა მიდის ბანკებთან მოლაპარაკებები, რომ კონკრეტულად გადაწყვეტილება მივიღოთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რამდენიმე ბანკი ჩაერთვება და ოფიციალურად შეეძლებათ კომპანიებს მისვლა ბანკებში“, - განაცხადა ხიდურელმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა „საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულად იქნება მიმართული მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან სასტუმროს სექტორში.“ ამასთან, ტურიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ასევე განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ მექანიზმად საკრედიტო-საგარანტიო სქემა მოიაზრება, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული სასტუმრო ტიპის ბიზნესზე.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა – საკრედიტო-საგარანტიო სქემა მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა და მისი მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილონ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამა 20 მილიონი ლარით ფინანსდება.