2019 წელს 20%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება და ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელ საქართველოში გვქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეგიონალური განვითარება არის ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, შესაბამისად, რეგიონალური განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ რგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგინეთ ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის. 2019 წელს 20%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება და ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ გვქონია. ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და ძალიან კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან“, - განაცხადა ბახტაძემ.