"მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეები საქართველოში დღეს შემოვლენ

საერთაშორისო საავტომობილო ტურის - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეები საქართველოში დღეს შემოვლენ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილების კოლონა საქართველოში ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, 12:00 საათზე შემოვა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო ტურის მონაწილეებს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლები დახვდებიან. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ბენგ ჰაო.

უწყების განმარტებით, საავტომობილო ტური "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო.

საავტომობილო ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროები არიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი ყველა ქვეყანაში მოამზადებენ საინფორმაციო მასალას (რეპორტაჟები, ინტერვიუები, სტატიები, პირდაპირი ტელეჩართვები და ა.შ.), რომლებიც ჩინურენოვან მოსახლეობას მიეწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ დელეგაციას ახლავს ცნობილი ჩინელი პროფესორი "აბრეშუმის გზის" შესახებ ისტორიულ საკითხებში და ასევე ისტორიული ოჯახის წარმომადგენელი, რომლის წინაპარსაც ჩინეთისათვის დასავლეთით სავაჭრო გზების გაკვლევა მიეწერება. ეს გზა შემდგომში ცნობილ "აბრეშუმის გზად" იქცა.

ექსპედიციის მონაწილეების "აბრეშუმის გზის" მარშრუტი ასეთია - ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია.

"ეს არის მასშტაბური ეკონომიკურ-კულტურული ექსპედიცია, რომლის მიზანია "აბრეშუმის გზის" ქვეყნების ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობის გაცნობა ჩინეთის მოსახლეობისთვის (პირდაპირი ჩართვების, საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებისა და ჩანაწერების საშუალებით). ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის დელეგაცია საქართველოში ყველაზე დიდხანს, 4 დღეს გაჩერდება და 24 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით გაემგზავრება. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში შემდეგ მარშრუტს გაივლიან - ლარსი-სტეფანწმინდა-თბილისი-მცხეთა-უფლისციხე-ქუთაისი-ბათუმი-სარფი.

ტურის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ა.შ. ამასთან, დაგეგმილია სპეციალური ინტერვიუები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 21 აგვისტოს, 18:00 საათზე, "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ გახსნილ "თბილისის ზღვის პლაზაში" საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოსა და ჩინეთის მხრიდან ოფიციალური პირები დაესწრებიან.

"მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მომავალი ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექსპედიციის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება, ჩამოვლენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.