ინოვაციურობის 100 წელი, 45-ზე მეტი ტექნოლოგიური პლატფორმა, 50 000-ზე მეტი პროდუქტი, წელიწადში 1 000 სიახლე და 70 ქვეყანა, სადაც უკვე მრავალი წელია, წარმატებით ოპერირებს, - ეს ამერიკული კომპანია 3M-ის შესახებ ის მცირედი ინფორმაციაა, რომელიც მისი მომსახურების ხარისხზე მეტყველებს.
კომპანია „პრინტარეასთან“ თანამშრომლობის შედეგად, მალე 3M-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიულ მომსახურებაზე დიდი მოთხოვნაა, „პრინტარეამ“ გადაწყვიტა, საქართველოში პრემიუმ ხარისხის ბრენდის ლიცენზირებული პროდუქცია შემოეტანა.
როგორც „პრინტარეას“ დირექტორმა თინა სანაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუმარტა, 3M-თან მოლაპარაკებები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მსოფლიოში ცნობილმა უმსხვილესმა ბრენდმა გადაწყვიტა, პარტნიორად სწორედ, „პრინტარეა“ აერჩია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ, სარეკლამო და კომერციული გრაფიკის ბაზარზე წლების მანძილზე პოზიციები გაიმყარეს, ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, პროფესიონალთა გუნდი ჰყავთ და შედეგად, ლოიალური კლიენტების დიდი ბაზა შეიძინეს. ამასთან, „პრინტარეა“ მოწოდებულია, საქართველოში ინოვაციური პროდუქტები დანერგოს და პრემიუმ სეგმენტის ნიშა დაიკავოს.
„დავესწარით საერთაშორისო გამოფენებს, ტრენინგებს; საბოლოოდ ჩვენთან ჩამოვიდა 3M-ის ევროპის რეგიონის დირექტორი; მოინახულა ჩვენი წარმოებები, საწყობები, შეამოწმეს დანადგარები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ქართული პარტნიორი კომპანია დიდი, ძლიერი და გამოცდილი ყოფილიყო, როგორც სარეკლამო, ასევე დისტრიბუციის მიმართულებით”, - განმარტა თინა სანაძემ.
3M მრავალი სახეობის პროდუქციას აწარმოებს: ელექტრობასთან, ელექტრონიკასთან და ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული საშუალებები; სამრეწველო, საბეჭდი და საოფისე მასალები, ჯანდაცვისა და სამედიცინო პროდუქტები, გრაფიკული საშუალებები და სხვა.
„პრინტარეასთან“ თანამშრომლობამდე, 3M-ს პროდუქციიდან საქართველოში წარმოდგენილი იყო პერსონალური უსაფრთხოების პროდუქტები, ინდუსტრიული წებოები, წებვადი ლენტები, სამედიცინო და სტომატოლოგიური მასალები და სხვა. „პრინტარეამ“ კი ამ ჩამონათვალს სარეკლამო და არქიტექტურული ბაზრისთვის საინტერესო და ღირებული პროდუქცია შემატა: სარეკლამო დანიშნულების წებვადი ფირები, არქიტექტურული დანიშნულების დეკორატიული ფირები, მინის დეკორატიული თვიწებვადი ფირები (DI-NOC; FASSARA ), ავტომობილების გრაფიკული შესაფუთი ფირები, მინის და ავტომობილების დამცავი თვიწებვადი ფირები (3m safety & security films) და ა.შ.
გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში 3M-ის პრემიუმ კლასის პროდუქცია შემოვა, საქართველოში თავად კომპანიის მონტაჟის სპეციალისტი, ვოიჩიეშ სლაშკი ჩაატარებს ტრენინგებს და „პრინტარეას“ პერსონალს საკუთარ გამოცდილებას მსოფლიოში ცნობილი „ინსტალატორი“ (Car wrapper) და „გინესის“ რეკორდსმენი რაფალი გაუზიარებს. ისინი „პრინტარეას“ თანამშრომლებს პროდუქციისა და მათი გამოყენების წესების შესახებ 3-დღიან ტრენინგებს ჩაუტარებენ. ტრენინგები უკვე დაიწყო და ქართველი სპეციალისტები კომერციული, სარეკლამო, არქიტექტურული და უსაფრთხოების მიმართულებით 3M-ის მასალების საუკეთესო ტექნიკით ინსტალაციას სწავლობენ.
„კომპანიის მომხმარებლები მთელ მსოფლიოში არიან სასტუმროები, ბანკები, სამშენებლო კომპანიები, საავადმყოფოები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ხარისხსა და ეკოლოგიაზე არიან ორიენტირებულები. ტრენინგი ჩატარდება 3M-ის პროდუქტის შესაძლებლობებზე. 3M-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ იმის შესახებ, რა განსხვავებაა მათ პროდუქტსა და სხვა ბრენდის პროდუქტს შორის. რაც შეეხება მსოფლიოში ცნობილ „ინსტალატორს“, რომელსაც Youtube-ზე ათასობით გამომწერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის ტრენინგს „პრინტარეას“ ტექნიკურ სამსახურს ჩაუტარებს. რაფალი ჩვენს თანამშრომლებს პრემიუმ ხარისხით გაკვრას ასწავლის, ამის შემდეგ კი დაიგეგმება სასერთიფიკატო ტრენინგები და ჩვენი თანამშრომლები პოლონეთში წავლენ“, - განმარტა თინა სანაძემ.
Our Business is supporting your business (ჩვენი ბიზნესი მხარს უჭერს თქვენს ბიზნესს), - ასე იწყება მომსახურების აღწერა 3M-ის ოფიციალური ვებგვერდის იმ ველში, სადაც კომერციულ მიმართულებაზეა საუბარი.
კომერციული მიმართულებით კომპანიის მომსახურებაზე დიდი მოთხოვნაა. 3M-ის სპეციალისტები კონკრეტული ბრენდების შესაძლებლობებსა და პოტენციალს აანალიზებენ, შემდეგ კი შესაბამის მომსახურებას უწევენ, იქნება ეს დასუფთავებიდან და უსაფრთხოებიდან დაწყებული, იატაკის დამცავებითა და სპონჟებით დასრულებული. როგორც 3M-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, კომპანიის პროდუქცია ბრენდის სახელსა და თანამშრომლების რეპუტაციაზე დადებით ზეაგვლენას ახდენს.
რაც შეეხება სარეკლამო მიმართულებას, ამ მხრივ 3M ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. კომპანიას უზარმაზარი დაკვეთები აქვს - პერიოდულად, მოთხოვნა მიწოდებასაც აჭარბებს. კომპანიის მიერ წარმოებული პრემიუმ-ხარისხის პოსტერები თუ შესაფუთი მასალები მსოფლიოს უმსხვილეს ორგანიზაციების ათასობით ეგზავნებათ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 3M-ის ავტომობილის შესაფუთი მასალები, რომლებიც მანქანას დაზიანებისგან იცავს.
ხარისხიან სარეკლამო და უბრალოდ, შესაფუთ მასალებზე დიდი მოთხოვნაა საქართველოშიც, „პრინტარეაში“ კი აცხადებენ, რომ მათი შემოტანისა და მიწოდების გარანტები არიან.
„პრინტარეას“ დახმარებით, საქართველოში 3M-ის არქიტექტურული მასალებიც იქნება ხელმისაწვდომი. ფერადი, უმაღლესი ხარისხის წებვადი საშუალებები, რომლებსაც მასშტაბური შენობების ინტერიერისა და ექსტერიერის გასახალისებლად იყენებენ, 3M-ის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. პროდუქცია ხარისხიანი და ამავდროულად, ეკომეგობრულია. მას ბევრი წარმატებული კომპანია ენდობა და ოფისების დიზაინისთვის აქტიურად იყენებს. არქიტექტურულ მასალებში შედის კედლისა და იატაკისთვის განკუთვნილი მასალა, რომელიც ასევე, პრემიუმ-სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„პრინტარეას“ დირექტორის, თინა სანაძის თქმით, კომპანია 3M-თან ერთად, ქართულ ბაზარს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ინოვაციას შესთავაზებენ და მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქციას პერიოდულად, განაახლებენ.