მერიას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი, რომელშიც სავარაუდო კორუფციული სქემაა, რაც მერიასა და ერთ კონკრეტულ ბიზნესჯგუფს შორის არსებობს

თბილისის მერიას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ შემოთავაზებულია დასამტკიცებლად სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს მუნიციპალიტეტის მერიასა და ერთ კონკრეტულ ბიზნესჯგუფს შორის, რომელიც არის ,,ვისოლ ჯგუფი“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თბილისის მერიის მიერ დღეს სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დასამტკიცებლად შემოთავაზებულია სავარაუდო კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სკვერის სანაცვლოდ „ვისოლ ჯგუფს“ 7 ჰექტრის მოცულობის მიწის ნაკვეთი ლისის ტბაზე, ბეთლემის ქუჩაზე 3-სართულიანი კაპიტალური შენობა და დიღმის მასივში 1 ჰექტარი მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით გადაეცემა.

„მოგეხსენებათ დღეს იმართება თბილისის საკრებულოს სხდომა და თბილისის მერიას გამოგზავნილი აქვს დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ შემოთავაზებულია დასამტკიცებლად სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს მუნიციპალიტეტის მერიასა და ერთ კონკრეტულ ბიზნესჯგუფს შორის, რომელიც არის ,,ვისოლ ჯგუფი“. ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ როგორ სარგებლობდა ეს ბიზნესჯგუფი პრივილეგიებით და პრეფერენციებით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის იყო სალარო და „შავი ფულის“ გამტარი. დღეს მერია საკრებულოს სთავაზობს დაამტკიცოს დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე სკვერი ხელში ჩაიგდოს ამ ბიზნესჯგუფმა. ამისთვის თბილისელებმა უნდა დათმონ მიწის ნაკვეთი 7 ჰექტარის მოცულობით ლისის ტბაზე, ბეთლემის ქუჩაზე 3-სართულიანი კაპიტალური შენობა და დიღმის მასივში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობებით - ეს არის ის ფასი, რასაც მერია დღეს გვთავაზობს რომ ,,ვისოლ ჯგუფისთვის“ სკვერის გადაცემის სანაცვლოდ ჩვენ გადავიხადოთ”, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.