50-ზე მეტი კომპანია, მათ შორის Apple და Nintendo, აცხადებენ, რომ აპირებენ საკუთარი წარმოების ნაწილი ჩინეთიდან მეზობელ ქვეყნებში გადაიტანონ, რათა თავი აარიდონ ამერიკის მხრიდან მოსალოდნელ საბაჟო ტარიფებს.
ამის შესახებ Nikkei Asian Review იუწყება.
აშშ-სა და ჩინეთს შორის მოუგვარებელი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც მსოფლიო მედია „სავაჭრო ომს ეძახის“ მსხვილ კომპანიებს გარკვეული იძულებითი ქმედებებისკენ მოუწოდებს. ასეა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების HP და Dell შემთხვევაში, რომლებიც გეგმავენ ნოუთბუქების წარმოების 30% ჩინეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში გადაიტანონ. მანამდე კი Apple-მა მოსთხოვა მის მომწოდებლებს შეეფასებინათ ფინანსური შედეგები იმ შემხთვევაში, თუ საკუთარი წარმოების 15-30%-ს ჩინეთიდან ინდოეთში გადაიტანდა.
ამერიკული კომპანიების გარდა ჩინეთის ბაზრის დატოვებაზე საუბრობენ იაპონელებიც, კომპანია Nintendo გეგმავს მისი სათამაშო კონსოლების წარმოების ჩინეთიდან ვიეტნამში გადატანას.
რაც კიდევ უფრო საინტერესოა არა მხოლოდ უცხოური კომპანიები, არამედ თავად ჩინური კომპანიების ნაწილი აპირებს წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანას. მაგალითად, ელექტრონიკის მწარმოებელი ჩინური TCL ტელევიზორების წარმოებას ვიეტნამში აპირებს, ხოლო ბორბლების მწარმოებელი Sailun Tire მის წარმოების ხაზს ტაილანდში გადაიტანს.
როგორც ჩანს, გაგრძელებული სავაჭრო ომი ჩინეთის ეკონომიკასაც დაეტყო. ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მშპ 6,2%-ით არის გაზრდილი, რაც არის მინიმალური ტემპი ბოლო 27 წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ და ჩინეთის ლიდერები ივნისის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხდნენ. თუმცა, შედეგად არ იქნა დადგენილი არანაირი კონკრეტული ვადები შეთანხმების მისაღწევად. შედეგად კი მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის არსებული სიტუაცია გლობალურ ბაზარზე კომპანიებისა და ინვესტორებისთვის გაურკვევლობას ქმნის.