"რეზონანსი" - ერთ თვეში სასტუმროებმა და გიდებმა 70%-ით იზარალეს

საკურორტო რეგიონებში მდებარე სასტუმროებში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით, 60-70%-ით შემცირდა. დაახლოებით, ამდენით იკლო ტურიზმზე დამოკიდებული ადამიანების შემოსავალმა. რაც შეეხება ბიზნეს-ტურებს, როგორიცაა ორგანიზაციული ტურები, 100%-იან ზარალს განიცდის, რადგან ამ ტიპის მომსახურება, ძირითადად, რუსებზე მოდიოდა და ტურისტული ემბარგოს პირობებში, მათ მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჩაიშალა.

უკვე შეიცვალა მომსახურების ფასიც. როგორც მსხვილ, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებში ტარიფები შემცირებულია. "პიემსის" კვლევითი ცენტრის მონაცემით, 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში სამვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი ღამეში 157 ლარია. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 252 ლარს შეადგენს, ხოლო ხუთვარსკვლავიანისა - 448 ლარს, ხოლო "გესთჰაუზების" მომსახურების საფასური 76 ლარია.

2019 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 2,9%-ით შემცირდა. სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან შეწყდა რუსი ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე სასტუმროების ნახევარზე მეტი, - 56,7% - უვარსკვლავოა, 23,5% - სამვარსკვლავიანი, 15,5% - ოთხვარსკვლავიანია, ხოლო 2,2% ხუთვარსკვლავიან სასტუმროს წარმოადგენს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებამ სექტორი სერიოზულად დააზარალა. ამ მხრივ პრობლემა ყველაზე მეტად თბილისს, ორ დიდ ქალაქს და საზღვაო კურორტებს შეეხო. სამკურნალო კურორტებზე ცოტათი უკეთესი ვითარებაა. კლებას დიდად არც სათავგადასავლო ტურზიმი განიცდის.

რაც შეეხება ბოლოდროინდელ სტატისტიკას, ამ მხრივ საინტერესოა ,,თიბისის” მიერ ჩატარებული კვლევა. ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლების ანალიზისას გაირკვა, რომ ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა. მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების რიცხვმა 78.6%-ით იკლო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

ფაქტს, რომ ინდივიდუალურად რუსი ტურისტები ჯერ კიდევ შემოდიან საქართველოში, ტურიზმის სფეროს სპეციალისტებიც ადასტურებენ, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ტურიზმის რამდენიმე სექტორში პრობლემა გაცილებით მასშტაბურია და ზარალი თითქმის 100%-ს აღწევს.

ასეთი ვითარება, როგორც ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია აღნიშნავს, საქმიან ტურებთან დაკავშირებითაა.

,,საქართველოში ტურისტების 25% რუსეთზე მოდიოდა. როცა ამბობენ, რომ ეს საგანგაშო არ არის, ძალიან ცდებიან. მთლიანობაში, ეს ტუირისტების მეოთხედია, რაც ქვეყანას დააკლდა. თანაც, რუსები მაღალი დანახარჯით გამოირჩევიან. ევროპელი ტურისტები უფრო მდიდრები არიან, მაგრამ ბევრს არ ხარჯავენ, ეს ფაქტია.

ინდივიდუალურმა დამსვენებლებმა ადვილად მონახეს გამოსავალი და ასე თუ ისე მაინც ჩამოდიან, მაგრამ ჯგუფური ტურიზმი, რომელიც ღონისძიებების ჩატარების მიზნით სტუმრობდნენ საქართველოს (ე.წ. საქმიანი ტურიზმი), საშინლად დაზარალდა, თითქმის 100%-ითაც. ფული ქვეყანაში ძირითადად ასეთ ტურებს შემოაქვთ. ეს არის ძვირადღირებული სფერო. მართალია ასეთი ტურები 4-5 დღეზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ ეს არის ერთი ადამიანის მიერ დღეში დახარჯული 300-400 დოლარი. თუ გავითვალისიწნებთ, რომ ასეთი ტურისტების რაოდენობა საკამოდ დიდი იყო, აუნაზღაურებელი დანაკარგია საქართველოსთვის. კონფერენციები დიდად არ იმართებოდა და არც გამოფენებით გამოვირჩევით და კორპორაციული დონის შეხვედრებიც თითქმის შეწყდა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელია.

მისი თქმით, ბაზრის დივერსიფიკაცია ქვეყნისთვის ჯერ კიდევ წარმოადგენს პრობლემას, რადგან შეზღუდული ინფრასტრუქტურის გამო ევროპიდან ტურისტული ნაკადების მიღება, მათი სურვილის შემთხვევაშიც, ძალიან გაუჭირდებათ.

,,როცა ქვეყნის პოტენციალზე ვსაუბრობთ, ასეთი შემთხვევა მახსენდება: 2010-11 წელს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გვსტუმრობდა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, როგორიც ურუგვაი და სწორედ ამ ქვეყნის ტურიზმის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთო. აღმოჩნდა, რომ ურუგვაი ცხოვრობს არგენტინის და ბრაზილიის ხარჯზე, ძირითადად ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენ - რუსებზე. ევროპაზე ან დასავლეთზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით შეზღუდული ინფრასტრუქტურის გამო.

რაც არ უნდა მოვინდომოთ, ჩვენ დიდი რაოდენობით ვერ ვიღებთ ტურისტებს, საქმე მარტო სასტუმრო არ არის, მთელი ინფრასტრურაა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ბევრს საუბრობენ ბაზრის დივერსიფიცირებაზე, რაც არ არის მარტივი, ბაზარს აქვს თავისი სპეციფიკა და მარტო ქვეყნის გამო არ მოგზაურობენ. ეს რაღაც რომანტიზმია, რომელიც ბევს არ ახასიათებს.

უცხოელი, როგორც წესი, საშობაოდ გეგმავს ტურებს და უკვე 25 დეკემბერს იცის, სად დაისვენებს ზაფხულში, ეს მათი ცხოვრების სტილია. თბილისი ბარსელონა არ არის და არც ევროპის რომელიმე ქალაქი, რომელსაც კარგი პირობები აქვს.

დღესდღეობით თბილისმა, ბათუმმა და შედარებით ქუთაისმა განსაკუთრებით იზარალეს. კურორტებზეც რთული ვითარებაა, ოღონდ სამკურნალო ტურიზმში სხვა მდგომარეობაა. ეს დარგი ახლა ვითარდება და იქ დანაკარგზე ჯერ ადრეა საუბარი", - განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც აღმოჩნდა, ცოტათი უკეთესი ვითარებაა სათავგადასავლო ტურიზმში, თუმცა როგორც სათავგადასავლო ტურიზმის გავითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ჯონი კაპანაძე აღნიშნავს, აქაც შემოსავლების სერიოზული კლებაა.

,,ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვა 20-25%-თ იკლო, ზარალიც, დაახლოებით ამდენი იქნება. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, დანაკარგის მიუხედავად, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა. რუსები პასიურ ტურიზმს ანიჭებდნენ უპირატესობას. მთაში ნაკლებად დადიოდნენ, ამიტომ სამთო კურორტები, მაღალმთიანი რეგიონები ნაკლებად დაზარალდნენ. ზღვის ტურები იქნება პრობლემა, სადაც ზარალს ყველა იგრძნობს", - ამბობს ჯონი კაპანაძე.

ცხადია, სასტუმრო ბიზნესთან ერთად, დაზარალდა ყველა ადამიანი, რომლის საქმიანობაც ტურიზმის სფეროსთან არის დაკავშირებული. რუსულენოვანი გიდების ინფორმაციით, შემოსავალი 60-70%-ით შეუმცირდათ.

,,უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ტურსიტების დიდი ნაწილი დავკარგეთ. მართალია, სახმელეთო გზით ისევ ჩამოდიან რუსი ტურისტები, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. შარშანდელთან შედარებით, რუსეთიდან 70%-ით ნაკლები ვიზიტორია, რაც ჩვენს შემოსავლებზეც ამავე მაჩვენებლით აისახა.

ამასწინათ ჯვრის მონასტერზე გავუწიეთ ტურისტებს მომსახურება. თუკი სეზონის დასაწყისში მანქანის გაჩერება გვიჭირდა, ახლა ერთი ავტობუსი ვერ დავინახეთ. აშკარად არის კლება. ცხადია, რომ ამით ყველა ზარალდება, როგორც სასტუმროები, ასეევ მძღოლები, გიდები და სხვა. აბსოლუტურად ყველა სეგმენტს შეეხო, ვინც ტურიზის დარგში მუშაობს", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" დაზარალებულმა გიდმა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"